უკრაინის საელჩო: "საქართველოში ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხა 2,5 მილიონ ლარზე მეტი"
25/05/2022 14:01:51 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საელჩოს სხვადასხვა ანგარიშზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა.
მისი თქმით, ჩარიცხულია 2 380 625 ლარი, 57 ათას დოლარზე და 2600 ევროზე მეტი. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საელჩოს ანგარიშებზე რჩება 845 ლარი, 21 ათას დოლარზე მეტი და 766 ევრო.
კასიანოვმა ბრიფინგზე დეტალურად განმარტა, რაში დაიხარჯა საელჩოს ანგარიშზე დარიცხული თანხა:
- შეძენილია 600 "საველე აფთიაქი", რომლის საფასურია 114 ათასი დოლარი;
- 50 ათასი დოლარი დაიხარჯა ბავშვთა კვების საშუალებებში;
- 90 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა ტაქტიკური მედიცინის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა მასალები);
- 544 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა სურსათის შესაძენად (ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები).
"ის თანხები, რომლებიც ისევ შემოდის დახმარების სახით, ისევ მიმართული იქნება იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. საელჩო ყველა იმ ადამიანს დაუჭერს მხარს, ვინც არის მზად დაგვეხმაროს", - თქვა კასიანოვმა და დასძინა, რომ საქართველოდან 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა 4 თვითმფრინავითა და 44 სატვირთო მანქანით.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სამი თვის წინ, 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს. ამ ომის დროს იღუპებიან არა მხოლოდ ომში მონაწილე ჯარისკაცები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. რუსეთის არმიის ნასროლი ბომბები ხვდება საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას.


