საპარლამენტო ოპოზიცია EU-ს ერთობლივი წერილით მიმართავს

25-05-2022 18:28:14 საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის ხელმძღვანელობას საერთო წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

ამ დროისტვის წერილს არ შეერთებიაან „ევროპელი სოციალისტები“.

თავად ტექსტი პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემაზე დებატებისას წაიკითხა და აღნიშნა, რომ წერტილი უნდა დაესვას აჟიოტაჟს, თითქოს ოპოზიციაში ვინმეს არ სურს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

უშუალოდ წერილის შინაარსი ასეთია:

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გააჩინა ჩვენი ქვეყნებისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს მსოფლიო დაყოს გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს.

მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგაოდებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

გთხოვთ დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა დროშია გახანგრძლივებული, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები