Accentnews.ge
ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26/05/2022 06:46:13 პოლიტიკა

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს მიულოცა არაერთმა სახელმწიფომ თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა.

(სია განახლებადია)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას.

შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე.

შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გაოგზავნილ მისალოც წერილში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

ქართველების ამ დღესასწაულის დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას პარტნიორობასთან დაკავშირებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

საქართველოში აშშ-ის საელჩო

„26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – ნათქვამია საელჩოს მისალოც წერილში.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი

„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს. დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.

ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს – სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია სტეფანჩუკის მიერ ქართველ კოლეგა შალვა პაპუაშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გულითადად ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას“, – წერს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში.

საქართველოში გერმანიის საელჩო

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით მინდა, მივულოცო თქვენს აღმატებულებასა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გულითადად მწამს, რომ ორი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყანა: თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს ჩვენი რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და აღორძინება“, – აღნიშნავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი

„პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავს აღვნიშნავთ. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვავითარეთ ჩვენი კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები - იმედი მაქვს, რომ ჩვენს ერებს შორის წარმატებული თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გზაზე,“ - აღნიშნულია მატეუშ მორავეცკის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

მათეუშ მორავიეცკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას.

პოლონეთის პრემიერი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შემდგომ გაძლიერებას, ხოლო მთავრობის მეთაურს ქვეყნის სამსახურში წარმატებას უსურვებს.

„რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ,“- აღნიშნავს მათეუშ მორავიეცკი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკან და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი

„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს, მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, – ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

საქართველოში ისრაელის საელჩო

„ისრაელის საელჩო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს ელჩი რან გიდორი სოციალურ ქსელში.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა

„გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – დაკავშირებით. უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – გადამწყვეტი. მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, – აღნიშნულია პეტრ ფიალას მიერ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

“მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს.

საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“,- აღნიშნავს ჰარცელი.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„დამოუკიდებლობის დღეს რუმინეთი საქართველოს მთავრობასა და ხალხს თბილ მილოცვებს უგზავნის. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ.

„საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი

„გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

"ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას", – ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ტეოდორა გენჩოვსკა.

საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ. გაუმარჯოს საქათველოს. გაუმარჯოს თავისუფლებას. შვედეთი რჩება თქვენი ერთგულ მეგობრად და მხარდამჭერად. ვუსურვებ მთელ საქართველოს ერთიანობას, მშვიდობას და კეთილდღეობას, ძლიერ დემოკრატიას და ევროპული ინტეგრაციის რეფორმებში პროგრესის გაგრძელებას“, – წერს ულრიკ ტიდერსტრომი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.

მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს.

ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე.

მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით.

მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს.

გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„თქვენო აღმატებულებავ! გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ურღვევი გზა მნიშვნელოვანია სომეხი და ქართველი ხალხების საკუთარი იდენტობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების, ისტორიის რთულ პერიოდებში ერთმანეთის მხარდაჭერისა და მეგობრობის სულისა და არსისადმი ერთგულების თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველში არსებული მრავალფეროვანი თანამშრომლობის ეფექტური გამოცდილება, საჭირო ძალისხმევით, კვლავ გაგრძელდება ორმხრივად მომგებიანი მიღწევებით ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ და არსებული რეგიონული გამოწვევების დასაძლევად.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს მოძმე ხალხს კეთილდღეობასა და ხანგრძლივ მშვიდობას“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე

„ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მთავრობის სახელით ულოცავს საქართველოს ხალხს, რომელიც თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წელს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების პრინციპები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრინციპები გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ გზაზე, რომელიც აირჩია საქართველომ და მისმა ხალხმა. დღეს, როდესაც ჩვენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შოკისმომგვრელი და სასტიკი ომის თვითმხილველები ვართ, აბსოლუტურად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ერთობლივად მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახლო პარტნიორები და მოკავშირეები შეუერთდებიან ევროკავშირის ქმედებებს, რათა მეტი ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე მისი აგრესიის შესაჩერებლად.

ნება მიბოძეთ, დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას. ჩემი ქვეყანა რჩება მოწოდებული გააგრძელოს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოებაში წვლილის შეტანა, ჩვენი საერთო ღირებულებებისა და თავისუფლებების საფუძველზე. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ასევე საქართველოს მოსახლეობას უგზავნის კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენს მთელ მოსახლეობას მეგობარი საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება. ეს წელი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში – აღვნიშნავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. მოხარული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების ნების ასახვით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით გაგრძელდება და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ამ სადღესასწაულო დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი“, – ნათქვამია ალიევს მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

საქართველო თავდაჯერებულად მიიწევს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების გზაზე.

ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარების 30-ე წლისთავს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრადიციულ მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, მომავალშიც განაგრძობს გაძლიერებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ.

ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ენერგიას, დიდ წარმატებებს ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ქართველ მეგობრულ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

საქართველოში შვეიცარიის საელჩო

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას. წელს ჩვენ აღვნიშნავთ შვეიცარიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. შვეიცარიას წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში. წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც შვეიცარიის საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია“, – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი

„ბულგარელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ბულგარეთის რესპუბლიკის მზადყოფნა და სურვილი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების ყველა სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამ მხრივ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – აღნიშნულია კირილ პეტკოვის მიერ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი გამოგზავნილ მისალოც წერილში.

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი

"მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს", – ამის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ისრაელის პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის მილოცვაშია ნათქვამი.

მისივე განცხადებით, ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. როგორც ისრაელის პრეზიდენტი ამბობს, საქართველო-ისრაელს შორის შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო.

„ჩემო მეგობარო პატივცემულო ელჩო, ძვირფასო ლაშა, მეგობრებო, მოხარული ვარ, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე ისრაელის პრეზიდენტების სასახლიდან. ჩვენს სახელმწიფოებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ. ეს არის თბილი, სტაბილური კავშირი, რომელიც სხვადასხვა დარგში საამაყო პარტნიორობას მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ მთავრობებსა და პარლამენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ეს არის ახლო პირადი ურთიერთობების მთელი წყობა კულტურებს და ხალხებს შორის ათასწლოვანი წარსულით და რა თქმა უნდა, საქართველოში ებრაული თემის ცხოვრების არაჩვეულებრივი ისტორია.

ისრაელი და საქართველო გვანან ერთმანეთს და ახლოს არიან ერთმანეთთან. ჩვენი ორივე ქვეყანა გზაჯვარედინებზე არიან განლაგებული – გეოგრაფიულ გზებზე, რომლებიც იშლებიან კონტინენტებს, მთებსა და მდინარეებს შორის. მეტიც, რელიგიურ, კულტურულ და ისტორიის გზაჯვარედინებზე. ძველსა და ახალს შორის, მემკვიდრეობასა და განახლებას შორის. ჩვენს ხალხებს შორის არნახულად კარგი და ემოციური გადაკვეთა პრეზიდენტების სასახლიდან არც ისე შორს, ჯვრის ველზე, ჯვრის მონასტერში შედგა, როდესაც საქართველოს ცნობილი პოეტი შოთა რუსთაველი, რომლის პოემის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მოვიდა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში, რომელიც აქ, ისრაელის პრეზიდენტების სასახლესთან ახლოს მდებარეობს. შოთა რუსთაველის და წმინდა მიწის ერთმანეთთან შეხვედრის შედეგი ყოველი ჩვენგანისთვის ცნობილია „ვეფხისტყაოსანით“. შესანიშნავი პოემა, ხელოვნების ნიმუში და მთელი მსოფლიოს კულტურული მონაპოვარი შეიქმნა აქ, ამ მიწაზე. ისე, რომ გზაჯვარედინისკენ მომამვალმა ერთმა მოსახვევმა ასე მოიყვანა გამორჩეული ქარველი პოეტი ისრაელში და მსოფლიო კულტურა განსაცვიფრებელ სიმაღლეებზე. ჩვენ დღესაც ვართ გზაჯვარედინებზე და ამჯერად ჩვენი ორივე ერი ერთად მიუყვება გზას საერთო ბილიკზე. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებმა ფესვები გაიდგა და ბევრი შედეგი გამოიღო. მათ შორის, თითქმის 3 000-წლიანი საერთო ისტორია, ქართველების არაჩვეულებრივი თემი ისრაელში, როგორც უკვე ვახსენე და ებრაელთა წარმატებული თემი საქართველოში“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ამასთან, ისააკ ჰერცოგი საქართველოს ხელმძღვანელობას და ისრაელში საქართველოს ელჩს მადლობას უხდის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში მხარდაჭერისა და რეაგირებისთვის.

„მრავალფეროვან ტურიზმთან, კულტურის, ეკონომიკის და ბევრ სხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას და განსაკუთრებით თქვენ, საქარველოს ელჩო, ლაშა ჟვანია, მხარდაჭერისთვის და რეაგირებისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში. ჩვენ ვითხოვთ და გვაქვს იმედი, რომ თანამშრომლობა გაფართოვდება სხვა სფეროებში, როგორიცაა, საქართველოს კულტურული ცენტრის გახსნა იერუსალიმში. სიხარულით ველოდები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსალოდნელ ვიზიტს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია, ვისაც მრავალი წელია, ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ვლოცულობ, რომ ჩვენის საერთო გზა გაგრძელდება, განვითარდება და წარმატებული იქნება. ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს, რომელშიც ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ამისთვის მადლობას გადაგვიხდიან“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საბერძნეთი გულთბილ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს უგზავნის საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს, ასევე მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თავს“, – ნათქვამია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ყატარის ხელისუფლების წარმომადგენელბი

ყატარის ამირი, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას უგზავნის. ამასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სალომე ზურაბიშვილს ამირის მოადგილეც ულოცავს. ასევე ყატარის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ულოცავს.

დედოფალი ელისაბედ მეორე

„თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ“, – აღნიშნულია დედოფალ ელისაბედის მიერ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ "როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიდის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით“, – იუწყება БЕЛТА.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S