ზურაბიშვილი: "საქართველო არ აპირებს "დრო იხელთოს" და ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები"
26/05/2022 09:22:20 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართა და უკრაინაში ომის დროს წარმოებულ რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა.
"ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა", -განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან რუსეთის პროვოკაცია უწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას:
"გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, ე.წ. რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს".


