"დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს"
26/05/2022 12:25:40 პოლიტიკა
დასავლეთმა უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები მას შემდეგ, რაც პუტინს საქართველოში, ყირიმსა და დონბასში შეჭრამდე დაუთმეს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა განიხილონ რუსეთის მიმართ კომპრომისი.
"ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან უკრაინაში გაჭიანურებული და მტკივნეული კონფლიქტის განვითარება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაუნდობლები და ვიბრძოლოთ უკრაინის გამარჯვებისთვის სამხედრო დახმარებისა და სანქციების გზით", – განაცხადა მან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


