საგარეო საქმეთა მინისტრი – კანდიდატის სტატუსის მიღებაზე: "კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია"
27/05/2022 09:00:00 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, "კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია".
"მოცემულ ეტაპზე რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება. აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად, საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებენ პარამეტრებსა და მზადაა, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის, ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ეს ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის განცხადებით, გამართული შეხვედრების დროს ევროპელი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ადგილს ევროპულ ოჯახში, თუმცა „გართულებულია გარემოც“.
"მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, თუმცა გარემო რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონული უსაფრთხოება, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ევროპელი პარტნიორებისთვის, ამიტომ უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


