"საქართველო არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ ღირებულებებს"
27/05/2022 09:21:57 პოლიტიკა
"ლელოს" წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "საქართველო არ იმსახურებს მთავრობას, რომელიც ამკვიდრებს არაევროპულ ღირებულებებს".
"საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას. ახლა გადავიდეთ საქმეზე და ვილაპარაკოთ იმაზე, რას არ იმსახურებს საქართველო. საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს არაევროპულ ცხოვრების სტილს, არაევროპულ პოლიტიკურ სისტემას, არაევროპულ ღირებულებებს, არაევროპულ ინსტიტუტებს, არაევროპულ სახელისუფლებო სისტემას - აი ამას არ იმსახურებს ქართველი ერი და საქართველო. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას ქართველი ხალხის და უამრავი ინდივიდუალური პოლიტიკოსის და საჯარო მოხელის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის გამო, მაგრამ არ იმსახურებს ქართველი ერი და საქართველო იმას, რომ ქვეყნის მთავრობა დაკავებული იყოს ქვეყნის გაყოფით", – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას უცხოელი პარტნიორებისა და ელჩების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არასდროს არ ჰქონია, რაც ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალიან დიდი პრობლემაა.
მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ დაუბრუნდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას:
„ნუ გგონიათ, რომ თქვენი ნათქვამი თითქოს ევროპელი პარლამენტარები უვიცები, დაქირავებულები და არაკვალიფიციურები არიან, მხოლოდ ქართველებს ესმით. მრცხვენია ამაზე საუბარი, ვინაიდან ვერ ვხედავ დარბაზში ადამიანს, რომელსაც ეს არ ესმის, რომ ელჩებთან ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს იმ ქვეყნებთან ასეთ დამოკიდებულებას. ქართველი ხალხი ამას არ იმსახურებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. მივმართეთ ევროკავშირს და მის ქვეყნებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაისაჯოს ქართველი ხალხი ამ კონკრეტული პრობლემების გამო. ამიტომ გთავაზობთ შარლ მიშელის დოკუმენტში დაბრუნებულებმა მივმართოთ ევროპას, დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას და დავივიწყოთ, რომ განსხვავებულები ვართ. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ევროპამ ევროპისკენ სავალ გზად წარმოიდგინა და ჩვენ ერთად შევიმუშავეთ. დარჩენილ 2-3 კვირაში მხოლოდ ამ ადამიანების [ხელისუფლების] იმედზე ნუ ვიქნებით. ეს არ იქნება სამართლიანი. მათი მიყენებული ზიანის გამოსწორებაც კი აღარ შეუძლიათ, აქედან გაკეთებული განცხადებების შემდეგ რაც ხდება ხოლმე იმ ქვეყნებში. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ამიტომ არის საჭირო ამის გაკეთება 2-3 კვირაში. დავივიწყოთ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.


