დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ევროკავშირისთვის გაგზავნილ პასუხებს
27/05/2022 11:00:50 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ევროკავშირისთვის გაგზავნილ პასუხებს. როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ "დოკუმენტი ჯერ–ჯერობით მუშა პროცესშია და საბოლოო სახე არ აქვს".
"არც ერთ ქვეყანას, მათ შორის ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება კითხვარის გასაჯაროების. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ, პრემიერ–მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გახდა შესაძლებელი ყველა მსურველს ენახა კითხვარის შემადგენლობა. რაც შეეხება პასუხებს, აქ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც არ მოხერხდა ამ დოკუმენტის გასაჯაროება. პირველ რიგში, ჩვენ გაგზავნილი დოკუმენტი შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც მუშა დოკუმენტი, ჩვენ პროცესში ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან, არის მაღალი ალბათობა, რომ სამუშაო პროცესში გამოიკვეთოს ზოგიერთ პასუხთან მიმართებაში სხვადასხვა პოზიციები, რომელიც შეიძლება, დაკორექტირდეს ან არ დაკორექტირდეს, ეს სამუშაო პროცესია. შესაბამისად, დოკუმენტს, რომელსაც ჯერ არ აქვს საბოლოო სახე მიღებული, ჩვენ ამას ვერ გავასაჯაროებდით, თუმცა მოვა დრო, როცა ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება", – განაცხადა დარჩიაშვილმა.


