Accentnews.ge
პრემიერი:"მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, რუსეთის სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას წარმოადგენს"

პრემიერი:"მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, რუსეთის სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას წარმოადგენს"

27/05/2022 11:36:40 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას".

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პირველ რიგში მინდა, მოკლედ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ოპოზიციას, იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთად განახორციელეს. მინდა, მოკლედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში ჩვენ მტკიცებ ვუჭერთ მხარს, უკრაინის სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმაშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ ვითარებაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი. რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში, ხაზგასმით დავგმეთ, სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია. საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა. 6 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად ომით დაზარალებული ბუჩა და ირპენი მოინახულა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მხარადასაჭერად იქნა გადადგმული.

"აქვე მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა ნაბიჯები გადავდგით კონკრეტულად, საქართველო, გაერო-ს 96 ქვეყანას შორის, იყო ვინც თანასპონსორობა გაუწია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის რეზოლუციას. საქართველო იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი, რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90-მა სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ. საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, ასევე საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ. ასევე, ჩენმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 16 მარტის გადაწყვეტილებას, საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ. ასევე ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ასევე ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მთავარი თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტს, რუსეთის ფედერაციისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ. საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235-ს აღწევს. უფრო კონკრეტულად მინდა, გითხრათ, რომ: გაერო-ს ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუცია; გააკეთა 50-ზე მეტი ეროვნული განცხადება; ასევე მიუერთდა გაერო-ს ფარგლებში ევროკავშირის 34 განცხადებას და 10 სხვა განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 15 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას; ეუთო-ს ფარგლებში, ჩვენ გავაკეთეთ 30-ზე მეტი ეროვნული განცხადება, ჩვენი ხელისუფლება მიუერთდა ევროკავშირის 34 განცხადებას და 1 ერთობლივ განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 3 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას; ევროსაბჭოს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუციას, გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას. ამავდროულად, საქართველომ გააკეთა 15 ეროვნული მხარდამჭერი განცხადება; ჩვენ ასევე, მივუერთდით ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის 8 დეკლარაციას და ევროკავშირის 2 სანქციას,“- განაცხადა პრემიერმა." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას.

„აქვე, ამ ტრიბუნიდან მინდა, ჩვენს ელჩს გადავუხადო მადლობა და ჩვენის საელჩოს თითოეულ წარმომადგენელს. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S