ღარიბაშვილი – სანქციებზე: "გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ"
27/05/2022 11:57:19 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ დაუწესა საქართველომ რუსეთის ფედერაციას ეროვნული ეკონომიკური სანქციები.
მისი თქმით, "მიუხედავად უკრაინისადმი სოლიდარობისა, ხელისუფლება იხელმძღვანელებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს ვერავინ"
"ჩვენ გვსაყვედურობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავროვბა და ხელისუფლება თურმე არ ეხმარება უკრაინას. ამ დროს მე შეგახსენეთ ყველას, რომ საქართველო არის 191 შორის პირველ ადგილზე რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში, პოლიტიკური დონეზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ ყველა რეზოლუციას, მაგრამ აქვე განვმარტე, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. რომ გვიკიჟინებთ, დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები და ფინანსური სანქციებიო, მე მინდა გკითხოთ, 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე, ამ ფონზე და მით უმეტეს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე რუსეთისთვის, ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი უკრაინისადმი სოლიდარობისა ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ იმიტომ, რომ თქვე ალბათ, არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება. მსოფლიო ეკონომიკის რეცესია არის მოსალოდნელი. ინფლაცია რიგ ქვეყნებში 20%–ს გადასცდა, მაგალითად მოლდოვაში 27%–იანი ინფლაციაა. ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ–ერთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ლარი განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი... ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. 2 თვის წინ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ წარმოდგენა და პასუხი, რომ გასცეთ მოქალაქეებს? ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მოტივაცია, მაგრამ მე ერთს გეტყვით, ჩვენი განსხვავებების მიუხედავდ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. რასაც თქვენგან ვერ ვხედავთ", – მიმართა ოპოზიციას ღარიბაშვილმა.


