ელისაშვილი – ღარიბაშვილს: "პუტინი რომ გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება, ამის იმედად ვართ?"
27/05/2022 12:20:03 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ– მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან დაკავშირებით განცხადებებში "ფრთხილობს", რაც, მისი თქმით, შეცდომაა, რადგან "თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს, ამ აზრს პუტინს ვერავინ შეაცვლევინებს".
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, მიაწოდოს უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი და თავად სანაცვლოდ, დასავლური შეიარაღება მიიღოს.
"აშკარად ფრთხილობთ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზედმეტად და არ გინდათ, გააღიზიანოთ რუსეთი. სულ რაღაც ისეთ მანევრებს აკეთებთ, განცხადებებშიც და ქმედებებშიც. თუმცა ერთი რამ გავიწყდებათ, ერთი რამ არს ხელისუფლების დიდი შეცდომა, რომ თქვენ, რაც არ უნდა გააკეთოთ ან თქვათ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს და დაიწყოს ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, ამ აზრს იმ ბოროტ კაცს – პუტინს ვერავინ ვერ შეაცვლევინებს. ამდენად, ჩემი აზრით, ხელიდან ვუშვებთ ძალიან დიდ შესაძლებლობას. თავდაცვის მინისტრი იყავით და იცით, რომ ერთის მხრივ, ჩვენ უკრაინელ მეგობრებს მივცეთ ის შეიარღება, რაც სჭირდებათ და მეორეს მხრივ, გადავაიარაღოთ ჩვენი თავდაცვის ძალები".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, უკრაიანს საკუთარი წარმოების არალეტალური იარაღი, მათ შორის ჩაფხუტები გაუგზავნოს.
ამასთან, მან მიმართა პრემიერს, "რატომ არის ქვეყანა ასეთი დაუცველი და რატომ გრძნობს თავს ასე არხეინად ხელისუფლება".
"არ აღიზიანებთ რუსეთს იმიტომ, რომ სუსტები ვართ. რატომ ვართ ასეთი დაუცველები? 10 წლია, ხელისუფლებაში ხართ, მეორე ჯერზე ხართ პრემიერ–მინისტრი. თუ სახელმწიფო ვართ, ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა ვიყოთ მზად, მათ შორის სტიქიური უბედურებისთვის და ა.შ. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატომ არის ასეთი მოშლილი? მეტროს გარდა რომ თავშესაფარი არსადაა და მეტროც მხოლოდ თბილისშია. გვაქვს ადრეული შეტყობინების სიტემა? გვაქვს თავშესაფრები? გვაქვს მარაგები? ასეთი არხეინები რატომ ვართ? რის იმედად ვართ? პუტინი რომ გაიღვიძებს და ცუდ ხასიათზე არ იქნება და ჩვენზე არ გაბრაზდება ამის იმედად ვართ? არ უნდა ვიყოთ ასეთი არხეინები", – მიმართა ღარიბაშვილს ელისაშვილმა.


