გოცირიძე – ღარიბაშვილს: "შეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენს წინააღმდეგ მოუწევთ ვიღაცებს სანქციების დაწესება"
27/05/2022 12:46:10 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დროულად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს.
"თქვენ ატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს, ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს, ატყუებთ იმის გამო, რომ ხმამაღლა ეუბნებით - სანქციებს არ ვუერთდებითო. მერე კარასინთან დაარეკვინებთ აბაშიძეს და ეტყვის, არ დაუჯეროთ ახლა პარლამენტში, ხომ იცით იტყუებიან, არავითარ სანქციებს მიერთებული არ ვარ, აბა ნახეთ დოკუმენტი გამოცემული გვაქვს თუ არაო. ორმაგ თამაშს ეწევით თქვენ და არ გაგივათ ეს. იცით, რომ რუსეთში გაჩერდა საფეიქრო მრეწველობა იმიტომ, რომ ღილები არ აქვთ? იცით, რომ ძეხვი ვერ გამოუშვიათ, რადგან შესახვევი ქაღალდი არ აქვთ? მე რომ დღეს ვიყიდო ათასი ცალი მობილური ტელეფონი და ჩავდო იმ მანქანაში, რომელიც ლარსშია გაჩერებული, ვინ მეტყვის, რომ არ შეიტანოო? მძლავრი კომპიუტერი რომ ვიყიდო და გავიტანო, ვინ გამაჩერებს? სად არის დადგენილება? რუსეთში ხალხი გადარეულია ეძებს ღილაკიან ტელეფონს, ამ მდგომარეობაშია რუსეთი. ამიტომ, შეუერთდით დროზე სანქციებს, თორემ თქვენს წინააღმდეგ მოუწევთ ვიღაცებს სანქციების დაწესება, განსაკუთრებით მოსამართლეებს ეხებათ ეს. იფრინეთ მერე ნოვოსიბირსკში და ვლადივასტოკში და არა პარიზსა და ნიუ-იორკში.
ამავე თემაზე: ღარიბაშვილი:"ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით"


