Accentnews.ge
ირაკლი ღლონტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ირაკლი ღლონტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

29/05/2022 18:13:35 პოლიტიკა

პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

"მსურს გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობის შესახებ.

პოზიტიური გზავნილია მაღალი პოლიტიკური რანგის კონსტიტუციური ინსტიტუციის მხრიდან დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ, განსაკუთრებით კი იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პოლიტიკურ და კონსტიტუციურ უფლებებს შეეხება. სამწუხაროდ, სხვადასხვა სირთულის გამო მილიონზე მეტი თანამემამულე ვერ ახდენს კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების პრაქტიკულ რეალიზებას, რომელსაც ცხადყოფს არჩევნების შედეგები და სტატისტიკა. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ სულ 50 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად 14 170 ადამიანი დარეგისტრირდა. სირთულეები ჩვენთვის ნათელია, მათ შორის შეგვიძლია დავასახელოთ საარჩევნო უბნების მცირე რაოდენობა, დაშორება და სხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი ბარიერები, რომელიც ემიგრანტებისთვის ქმნის დაუძლეველ სირთულეს საკმარისი დროის და ფინანსების არ ქონის თვალსაზრისით, ამის გარდა ბევრს აქვს მოლოდინი, რომ საკონსულოში/საელჩოში გახსნილ უბანზე გამოცხადების შემდეგ მათ შეექმნებათ მიმღები ქვეყნიდან დეპორტაციის რისკი, ვინაიდან ასეულობით ათასი თანამემამულე ცხოვრობს ე.წ. არალეგალის სტატუსით.

იმ პირობებში, როცა საზღვარგარეთ ცხოვრობს მილიონზე ბევრად მეტი მოქალაქე, რომლებიც ვერ ახდენენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას და არ ხდება მათი სამართლებრივი უფლების რეალიზება, ვფიქრობ, ქვეყანაში ორგანიზებული ყველა არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც თავის მხრივ გვავალდებულებს პროაქტიულად გადავდგათ ნაბიჯები პრობლემის დასაძლევად.

ჰიბრიდული, ციფრული არჩევნები არის ის უალტერნატივო გამოსავალი, რომელიც ჩვენ ხალხს მისცემს ტექნიკურ შესაძლებლობას, სახლებიდან და სამსახურებიდან გასვლის გარეშე საკუთარი ელექტრონული მოწყობილობებით განახორციელონ აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზება, ამასთან ერთად, მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, განხორციელდეს სათანადო ცვლილებები და ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში დიასპორას ჰქონდეს საკუთარი კვოტა.

მზად ვარ ზემოაღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობის მიზნით მეტი ცნობები გავუზიარო პრეზიდენტს და წარვუდგინო ხედვა ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც იძლევა სისტემის გამართულად ფუნქციონირების და გაყალბებისგან დაცვის გარანტიებს. მსურს დავარწმუნო ქალბატონი ზურაბიშვილი, რომ პოლიტიკური შეხედულებების მკვეთრი განსხვავების მიუხედვად ამ საკითხზე მას ექნება ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, თუკი ის მოახერხებს ე.წ. მმართველი ძალის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების იგნორირებას და დემოკრატიისა და კონსტიტუციის არსის მტკიცე ლობირებას" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S