ირაკლი კობახიძე: "მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია"
30/05/2022 07:36:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.
მისი თქმით, საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს.
"2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ, ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმაზე, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ.
კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.


