"არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება წევრობის სტატუსზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხზე"
30/05/2022 07:54:48 პოლიტიკა
"არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, მთავარი დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით", – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც მხარს უჭერს ამ სტრატეგიულ ამოცანას.
„საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ბოლო კვირების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნაწილია. მოველი, რომ მომავალ დღეებში გამოქვეყნდება ევროკომისიის შეფასება. ამის შემდეგ წევრ სახელწიფოებს შორის იქნება დისკუსია შესაძლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ უნდა მიიღონ. არ დავიწყებ სპეკულაციებს ევროკომისიის შეფასების შედეგებსა და ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ვიტყვი, რომ არა აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება შედეგები, დაბალი მოლოდინები იქნება, თუ უფრო მეტი, ვიდრე იმედები პირობებით ან პირობების გარეშე. ერთია მთავარი, დასკვნა იგივე იქნება, რომ დროა, საქართველო შეუდგეს მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა დროა დაჯდომის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოხდეს სტაბილური წინსვლა იმ კუთხით, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის. პოლიტიკოსების ძალა ამ საქმეში, რა თქმა უნდა, არის ის ფაქტი, რომ ისინი ეყრდნობიან მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სტრატეგიულ ამოცანას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
კითხვაზე მოსამართლეების დამოუკიდებლობის საკითხი არის თუ არა ის საკიათხი რასაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირში საქართველის გაწევრიანების გზაზე, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა იმ პრინციპთაგანია, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება.
„ევროკავშირი რიგ ფუნდამენტულ პრინციპს ეფუძნება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია, ასევე კანონის უზენაესობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


