"შეიძლება, პარტიებმა ჯერ ვერ გაითავისეს, რომ საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა"
30/05/2022 08:02:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პოლიტიკურ ჯგუფებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა. ამის შესახებ მან სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე" ისაუბრა.
"ერთიანობა არის აუცილებელი, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ჯერ შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გაითავისეს, რომ საზოგადოებისგან ასეთი დაკვეთა არსებობს. [...] როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენ ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს დაცულად ვერ გრძნობს, უფრო მეტი მოთხოვნაა გაერთიანების", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე:
"ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხისა და იზოლაციის შედეგად, რომელიც შეიძლება, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეგობრებს, მათ შორის საქართველოს, რომელის საფრთხეც არსებობს, თუნდაც ე.წ. რეფერენდუმის სახით. მთავარია, ამ ახალი საფრთხეებისა და შესაძლებლობების ფონზე ვიცოდეთ, ჩვენ რა გვინდა და როგორ გვინდა. მთავარია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუნდაც თვითონ ორჭოფობდეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, ჩვენი არჩევანი რომ ურყევია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სიტყვების ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული".


