Accentnews.ge
ჩიხლაძე – კობახიძის განცხადებაზე: "ოცნებამაც" უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს"

ჩიხლაძე – კობახიძის განცხადებაზე: "ოცნებამაც" უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს"

30/05/2022 08:44:04 პოლიტიკა

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას "ბოდვას" უწოდებს.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამაც" უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სულელური გზავნილები უკვე მათ ამომრჩეველშიც კი აღარ მუშაობს და დაცინვის საგანია, ამიტომ სჯობს, „მესიჯბოქსი“ შეცვალონ".

„კობახიძისგან მოვისმინეთ მორიგი ცრუ ბრალდებები, მან ვერც ერთ ჯერზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა ოპოზიციური პარტიები დავდივართ და ვითხოვთ იმას, რასაც არ ითხოვს ხელისუფლება. ვითხოვთ მეტ დახმარებას, მეტ ინტეგრაციას, ყველგან ხაზს ვუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, უკან მივყავართ და არა წინ, არ ვითარდება დემოკრატიული პროცესები, ამ ყველაფრის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსის მიღება არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავრჩეთ ერთი ერთზე აგრესორ რუსეთთან“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა". მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S