"საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის"
30/05/2022 09:46:41 პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა ჩაატაროს რეფორმები, რადგან პრობლემები აქვს იმ სფეროებში, რომელიც ევროკავშირისთვის საკვანძო ღირებულებისაა.
"ერთის მხრივ, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საბაბი, იამაყოს იმ მიღწევებით, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერის არაფორმალური წოდება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოუტანა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რეფორმების სიჩქარე შენელდა, საქართველომ კი გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და მას შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით", – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა, მათ შორის დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.
"ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის თქმით, "გაფართოვების პოლიტიკაში ევროკავშირი ხელმძღვანელობს არა სიმპატიებით ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, არამედ იმით, თუ როგორ ატარებს კანდიდატი ქვეყანა რეფორმებს და რამდენად მტკიცედ აქვს ამ რეფორმების ჩატარების სურვილი".
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


