Accentnews.ge
ვოკსკი– ჰარცელზე: "5 ივლისს რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?"

ვოკსკი– ჰარცელზე: "5 ივლისს რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?"

30/05/2022 13:00:28 პოლიტიკა

"რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში?",- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას.

ვოლსკის განცხადებით, ბევრი ევროპული სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ისეთი ჩამოყალიბებული საარჩევნო კოდექსით, რაც საქართველოშია.

„ყველაფერი შესრულებული ვერც იქნება, ბევრი რეფორმა განსახორციელებელია, უბრალოდ, კიდევ დამატებით შეკითხვებს ბადებს კარლ ჰარცელის განცხადება, რა აქვს მხედველობაში, როცა 5 ივლისზე ლაპარაკობს? რა მოხდა ისეთი, რაც არ უნახავთ ევროპულ სივრცეში და სასჯელი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ეს ხდება როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, თუკი ეს ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს. რეფორმებს რაც შეეხება და საარჩევნო სისტემას, მე არ მგონია, ბევრი ევროპული განვითარებული სახელმწიფო დაიკვეხნის ისეთ ჩამოყალიბებულ საარჩევნო სისტემას, კოდექსს, რაც საქართველოშია მიღებული. თუკი რაიმე გადახრები იყო, თავად კარლ ჰარცელის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ამ გადახრებს არ მოუხდენია ზეგავლენა არჩევნების შედეგებზე. თუკი რაიმე პროცესია, მაგალითად პოლარიზაცია მედიასივრცეში, აგრესიული ურთიერთობები პოლიტიკურ ველზე, უკიდურესად აგრესიული, მიუღებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, განა ამაში ხელისუფლების რგოლია მხოლოდ დამნაშავე, თუკი საერთოდ არის იგი დამნაშავე?! ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა თავის გადაწყვეტილებაში საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მანამდე, ჰარცელმა განაცხადა, რომ, ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საბაბი, იამაყოს იმ მიღწევებით, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერის არაფორმალური წოდება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოუტანა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რეფორმების სიჩქარე შენელდა, ქვეყანამ კი გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ელჩი ამბობს, რომ საქართველოს “შეეძლო, უკეთ მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგანაც ამ დროს ევროკავშირი სულ უფრო შეშფოთებულია ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიით".

მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა, მათ შორის დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.

"ამ ყველაფრის გამო სათუო ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გამართულობა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S