რა საკითხები განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა
30/05/2022 14:34:51 პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მედიისთვის განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტებმა საქართველო-სომხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება დაუთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას:
„ჩვენი ქვეყნები და რეგიონი არიან ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია წარმოადგენს ყველასთვის ახალ გამოწვევას, რამეთუ ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი, უსაფრთხოების არქიტექტურა და ამდენად ჩვენი ქვეყნების სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც ირღვევა კიდევ ერთხელ. ყველასთვის შემაშფოთებელია ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა, რასაც დღეს ვხედავთ და რაც მიმდინარეობს უკრაინაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას".
ამასთან, ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის მიერ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისა და აფხაზეთის შესახებ:
"საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება რჩება უმძიმესი. სუვერენულობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მძიმდება, რასაც ემატემა ახალი მუქარა ე.წ. რეფერენდუმის სახით, რომელიც გამოცხადებულია 17 ივლისისთვის“.
გარდა ამისა, სალომე ზურაბშვილმა კრიზისის დროს გამოჩენილ ახალ შესაძლებლობებზეც ისაუბრა:
„თუმცა ამავე დროს ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე ამ რეგიონისთვის, რომელიც შედის აღმასავლეთის პარტნიორობის ფარგლებში“.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რეგიონის მომავალი დამოკიდებულია მშვიდობიან გარემოზე და ის იმედოვნებს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებულად გაგრძელდება. პრეზიდენტი მიესალმება ამ კუთხით ევროკავშირის ჩართულობას. „ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებებზე არის დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები საქართველოსა და სომხეთისთვის მაღალი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს და საჭიროა ამ მიმართულებებით ერთობლივი მუშაობა.
საქართველოს პრეზიდენტი გამოსვლის დასასრულს შეეხო ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას.
„აღვნიშნეთ რა საქართველოშ შექმნილი ყველა პირობა რათა სომხურ წარმოშობის ქართველ მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა და ენა, და ამავე დროს, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. ამ კუთხით ძალისხმევა არ შენელდება. სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება ამ ქვეყანაში მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ პირობებზე და წარმოადგენს პოზიტიურ მაგალითს კავკასიის რეგიონისთვის. კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელს“, - თქვა ზურაბიშვილმა [სტილი დაცულია].
თავუის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა განაცხადა, რომ მოხარულია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის რანგში მეზობელ სტუმართმოყვარე საქართველოში აქვს.
მისი თქმით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები 30 წლის წინ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობით არ იწყება და უხსოვარი დროიდან მოყოლებული აქვს ფესვები.
ხაჩატურიანი ამბობს, რომ კოლეგასთან ბევრი საკითხი განიხილა და ძირითადად შეჯერდნენ ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარულ საკითხებზე:
„კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე-შავი-ზღვის სატრანსპორტო დერეფანს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის გარდა, იგი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და მოგვიანებით, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


