სენაკის საკრებულოს ენმ-ის წევრი ტოვებს, პარტიაში ზეწოლაზე საუბრობენ
30/05/2022 16:04:57 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ წურწუმია სენაკის საკრებულოში მანდატს ტოვებს, რამაც შესაძლოა, ქალაქში საკრებულოს დაშლა და ხელახალი არჩევნების ჩატარება გამოიწვიოს.
ენმ-ში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ყველანაირად ცდილობს ოპოზიციური უმრავლესობის დაშლას და ამისთვის არ ერიდება სხვადასხვა ხერხებს, მათ შორის მოსყიდვასა და შანტაჟს.
წურწუმიას საკრებულოდან წასვლის შემდეგ, მის სამაჟორიტარო ოლქში - თეკლათში, ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, სენაკის საკრებულოს ამ დროისათვის უფლებამოსილება აქვს შეჩერებული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქამდე, ვიდრე სასამართლო გახარიას პარტიის წევრის, ნუკრი შამათავას უფლებამოსილების შესახებ ცნობას არ განიხილავს. სასამართლოში ეს საკითხი "ქართულმა ოცნებამ" გაასაჩივრა.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ წურწუმია საკრებულოში არ გამოჩენილა და წასვლის შესახებ განცხადება ელექტრონულად გაგზავნა.


