
რა შანსი აქვს საქართველოს, კვლავ არ ჩამორჩეს ისტორიულ „მატარებელს“
30/05/2022 16:44:24 ინტერვიუ
დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ, – ამგვარად მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოფიციალურ თბილისს იმ ფონზე, როდესაც საქართველო მოლდოვა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზე ბლოკის დასკვნას მომავალი კვირისთვის ელის, რის შემდეგაც საკითხის ირგვლივ დისკუსია უნდა წარიმართოს წევრ სახელმწიფოებს შორის.
როგორც ელჩი ამბობს, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება შედეგი (იმაზე ნაკლები, რისი იმედიც არსებობს, თუ მოსალოდნელზე უფრო მეტი, კონკრეტული პირობებით, თუ პირობების გარეშე), მთავარი დასკვნა იქნება ის, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ საკითხზე: უნდა გააძლიეროს მუშაობა, რომ მიიღოს ის შედეგები, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის სანდოობისთვის.
ელჩი გამოვიდა შეხსენებით, რომ ევროკავშირი ეფუძნება გარკვეულ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლის ცენტრშიც დგას ღირებულებები (ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლება, კანონის უზენაესობა) და ორგანიზაცია ამ ღირებულებების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს ნებისმიერთან მიმართებაში, ვინც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის:
„გავაგრძელებთ, დაგეხმაროთ, ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში წარმატების მიღწევაში იმის მიუხედავად, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის და გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!“.
ელჩის გამოსვლა ერთგვარად პასუხობდა მმართველი გუნდის რიტორიკას, რომელიც არ აღიარებს მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული შენიშვნების საფუძვლიანობას და ფაქტობრივად, შესაძლო შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას ევროკავშირს და ოპოზიციას აკისრებს. გზავნილი 30 მაისის ბრიფინგზეც გაიმეორა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კერძოდ, კობახიძის ვერსიით, ოპოზიციის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება, შემდეგ შეცვალოს ხელისუფლება და ქვეყანა ჩართოს ომში. მეორეს მხრივ, მისივე თქმით, არ არსებობს საფუძველი ევროკავშირის მხრიდან ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების, ხოლო ტრიოს წევრებისთვის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით:
• პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა;
• და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში.
„რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო“,– თქვა კობახიძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კი თავად ბლოკის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას გაუსვა ხაზი:
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში. გამომდინარე აქედან, ყველაფერს უნდა ველოდოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ!“.
რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ქართული პოლიტიკური სპექტრი პროცესებს? სადღეისოდ რა ქმნის ბარიერს თბილისისთვის, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით? ჰყავს თუ არა საქართველოს განაცხადს გულშემატკივრები ბლოკში? – ამ აქტუალურ საკითხებზე „აქცენტი“ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრს დიმიტრი ცქიტივილს ესაუბრა.
დიმიტრი ცქიტიშვილი: შემიძლია, გარკვეულწილად დავეთანხმო როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას – სიმართლე სადღაც შუაშია: რეალურად პრობლემა არა ცალკე აღებულ ხელისუფლებაში ან ოპოზიციაშია, არამედ იმაში, რომ მათ შორის ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ახლა ერთიანი „ფრონტი“ უნდა იყოს გაშლილი ევროსტრუქტურებთან, წევრ სახელმწიფოებთან, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ ამ ქვეყანას დემოკრატიის სერიოზული პოტენციალი აქვს, მაგრამ რასაც ამის ნაცვლად სჩადის ორივე მხარე, ეს ცალსახად უშლის ხელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში გარანტირებული გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შანსი არსებობს და რაც უფრო კოორდინირებული, ერთიანი „ფრონტით“ იმუშავებდნენ პოლიტიკური ძალები, მით უფრო მაღალი იქნებოდა ალბათობა. ვფიქრობ, ახლა საჭიროა, რომ არა მხოლოდ საელჩოებმა იმუშაონ (დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად მუშაობენ), დღეს შერეული დელეგაციები უნდა ჩადიოდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში...
– უშუალოდ მმართველი გუნდის მხრიდანაც არ იგრძნობა მცდელობა, ჰქონოდა კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან, იგივე საპარლამენტო ოპოზიციასთან. ყველა კრიტიკოსი „ომის პარტიად“ გამოაცხადა...
– და შედეგია პოლიტიკური პოლარიზაცია. ორ ბანაკადაა დაყოფილი პოლიტიკური ელიტა, მათ შორის სამოქალაქო სექტორი. არსებობს დაპირისპირება, რაც კიდევ უფრო მწვავდება. თუ შევედრებით მოლდოვას ან უკრაინას, მათ საქართველო გარკვეულ საკითხებში წინ უსწრებს, გარკვეულში – ჩამორჩება, მაგრამ იგივე მოლდოვაში პოლიტიკური სპექტრი (ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხებთან მიმართებით) არაა ამდენად პოლარიზებული, არ იგრძნობა ამგვარი რადიკალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია. საქართველოს შემთხვევაში კი ვფიქრობ, მთავარი ბარიერი სწორედ პოლარიზაციაა. ცხადია, ხელისუფლებაზე მეტია პასუხისმგებლობა, მისი მხრიდან დიალოგის წარმართვის მეტი მცდელობა უნდა იყოს. მაგრამ სამწუხაროდ, რაც ხდება, ეს გაგრძელებაა ბოლო პერიოდის რადიკალიზაციის. მგონია, რომ პასუხისმგებლობა არც ერთი მხრიდან არაა გათავისებული და ცეცხლს ორივე მხარე „ასხამს“ ნავთს.
სხვათა შორის, მახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, მაშინ რამდენიმე მეგობარმა ევროპარლამენტარმა გვითხრა, „აქ დადიან ზოგიერთი ოპოზიციონერები (არ დაუსახელებია სახელები), რომლებიც ცდილობენ, საპირისპიროში დაგვარწმუნონო“. თუმცა მაშინ არ იმუშავა – საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა, პარლამენტარებმაც შევუწყვეთ პროცესს ხელი, ყველა სტრუქტურა აქტიურად მუშაობდა. მაშინაც იყო პოლარიზებული გარემო, მაგრამ არა უშუალოდ ამ საკითხთან მიმართებით. არც სამოქალაქო სექტორთან იყო ამგვარი გათიშულობა.
– საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეთ. მაშინ ეს მცდელობა დაძლეულ იქნა. ანუ, თუ სხვა მიმართულებით არ გაქვს პრობლემები, „ხმების გავრცელება“ დაძლევადია...
– ცხადია, პროცესს აზიანებს არა ცალკეული დეპუტატის თუ პოლიტიკოსის კამპანია, არამედ პოლარიზაცია და დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ჩვენს პარტნიორებში კითხვის ნიშნებს აჩენს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, ჩადიოდეს მათ შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მქონე ქვეყნებში და მათ უმტკიცებდეს, რომ საქართველო არა თუ დისონანსის შემომტანი იქნება ამ ერთობაში (რომელიც საკმაოდ მყიფეა სადღეისოდ), არამედ ინტეგრაციაში კონტრიბუტორი. დისონანსი დღეს არავის სჭირდება, რადგან ეს საკითხი ისედაც პრობლემურად დგას – არსებობს იგივე უნგრეთის „ქეისი“, დაპირისპირება პოლონეთთან რიგი გადაწყვეტილებების გამო, გერმანიის და საფრანგეთის სკეპტიციზმი ბლოკის გაფართოებასთან მიმართებით... ამდენად, ბევრი პრობლემური საკითხია, რომელთაც საქართველოს წარმომადგენლები (საუკეთესო შემთხვევაში, შერეული დელეგაციები), მახვილ კუთხეებს უნდა ურბილებდნენ, საუბრობდნენ საშინაო დავალების წარმატებულად შესრულებაზე. ვფიქრობ, ესაა დღეს მთავარი პრობლემა და შეიძლება, სწორედ ამან დაგვაკარგვინოს ისტორიული შანსი.
– ერთის მხრივ, ვხედავთ მოლდოვას, რომელიც გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე ბრიუსელში ძალიან აქტიურია, მეორეს მხრივ, მაგალითად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრძანა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების ნაწილს პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ აქვთ და „ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთო“. თქვენ ხედავთ ჩვენი მხრიდან იმგვარ აქტივობას, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენთვის არასასურველი გადაწყვეტილება?
– ვერ ვიტყვით, რომ აქტივობა არაა: პრემიერის ვიზიტი იყო ბრიუსელში, ბრიუსელში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრებზე რა სახის საუბრები იყო, ცხადია არ ვიცით, მაგრამ ეს ვიზიტები საქმიანობის ერთი ნაწილია. ცხადია, მოლდოვა აქტიურობს, მაგრამ არ ვიცით მათი ლობისტური ქსელი როგორ მუშაობს. მაგალითად, ვიცით, რომ მათი მყარი მხარდამჭერია რუმინეთი. თუმცა შიდა ტაქტიკები არ ვიცი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, მწვავე შიდა დაპირისპირება არ იგრძნობა.
ჩვენს შემთხვევაში კი კარგია, რომ სახელისუფლებო დელეგაციები გაემგზავრნენ ბრიუსელში, მაგრამ ვფიქრობ, მეტია გასაკეთებელი. ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბევრ ელჩს პირადადაც ვიცნობ, პროფესიონალი დიპლომატები გვყავს. დარწმუნებული ვარ, თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობს. მაგალითად, დღეს ავსტრიაში ქეთი ციხელაშვილის [ელჩი– რედ.] სტატია დაიბეჭდა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე საუბრობს.
– ავსტრია ერთ–ერთი სკეპტიკოსი ქვეყანაა...
– დიახ, ერთ–ერთი. ზოგადად, ძველ ევროპაში გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები არსებობს. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი წესრიგში რომც გვქონდეს, არ არსებობს გარანტია, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ ალბათობა მაღალი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არ უნდა დაგვრჩეს განცდა, რომ შესაძლებლობა დავკარგეთ იმიტომ, რომ არ გვაქვს ერთმანეთთან საუბრის უნარი. ცხადია, შესაძლებელია, განვითარდეს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური სცენარები და ამისთვის სახელმწიფო მზად უნდა იყოს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ყველაფერი სხვებს გადააბრალოს. საშინაო დავალება პირნათლად უნდა შეასრულო! კოორდინაცია ჩანდეს! სხვაგვარად ევროინტეგრაცია არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა! ვიმეორებ, დღეს მთავარი პრობლემა გახლავთ პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაციის არარსებობა, რაც ჯამში კომპლექსურად ბევრ პრობლემას გვიქმნის საერთაშორისო ასპარეზზე. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ხარისხის პოლარიზაცია არსებობს, მაგრამ ეს ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. ასე ჩანს გარედან.
– თქვენც ბრძანეთ, რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობით ვისარგებლოთ. ისიც ბრძანეთ, რომ პროფესიონალი დიპლომატები გვყავს. ანუ, აღქმის პრობლემა, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი, არ უნდა არსებობდეს, თუმცა მაინც არის უკმარისობის შეგრძნება. მსგავს სიტუაციაში რა აძლევს მმართველ გუნდს თავდაჯერების საფუძველს?
– ვერ გეტყვით. შეიძლება, განწყობები იციან. ბევრი ფაქტორი შეიძლება, იყოს. დიპლომატიური კორპუსის აპარტიული ნაწილი საკმაოდ გამოცდილია...
– რომელთაც დავალებები სჭირდებათ...
– დავალება ალბათ, მიღებული აქვთ. მათი მუშაობა რთულად დასანახია, რადგან ყველაფრის აფიშირება არ ხდება. დარწმუნებული ვარ, შეხვედრებს მართავენ, საუბრობენ... ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი დონის ჩართულობა უნდა იყოს და პოზიტიური იქნება კოორდინირებული პოლიტიკური საქმიანობა – ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი ერთ პლატფორმაზე იდგნენ. გაწეული სამუშაოს მაქსიმალურობის გაზომვა ძალიან რთულია, მაგრამ მე მაინც მაქვს დანაკლისის განცდა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება: მეტი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, პროცესში ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩართვა და ჩვენს კიდევ უფრო აქტიურ ლობისტად ქცევა, „ვიშეგრადის“ [ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი – რედ.], პოზიტიური გაგებით, გამოყენებაც შეიძლება. ანუ ქვეყნების, რომლებსაც ჩვენი გზა გავლილი აქვს და დღეს ჩვენი მხარდამჭერები არიან გეოპოლიტიკური კონტექსტის, სოლიდარობის, საერთო წარსულის და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ამ ფაქტორების გამოყენება და კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, სწორედ ესაა ევროპული პოლიტიკის აქსიომა. სხვაგვარად იქ საგარეო პოლიტიკური საკითხები არ წყდება.
– ამ პროცესში სადღეისოდ ჩვენს ლობისტებად ვის მოიაზრებთ? მაგალითად უკრაინის აქტიური მხარდამჭერები არიან, მათ შორის, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად ჩვენც გვიჭერდნენ მხარს, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ქვეყნებიდანაც ისმის ჩვენი მისამართით კრიტიკა უკრაინის კონტექსტშიც. ამასთან, ევროპარლამენტის 700–ზე მეტი დეპუტატიდან ის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელთაც საქართველო ელემენტარულად, შტატი არ ჰგონიათ და იცნობენ ამ ქვეყანას, აქ მიმდინარე პროცესებს, მტრებად გამოვაცხადეთ...
– ვისზეც იყო საუბარი, მათგან ნაწილს საკმაოდ კარგად ვიცნობ. დასახელდნენ ის დეპუტატებიც, რომლებიც ყოველთვის სუბიექტურები იყვნენ თავიანთ შეფასებებში; თუმცა დასახელდნენ საქართველოს (და არა რომელიმე პარტიის) ცალსახა მეგობრები და ისეთებიც, რომლებიც მეტად ლოიალურები „ქართული ოცნების“ მიმართ იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირში გადაწყვეტილებები პირადი შეფასებების და წყენების მიღმა მიიღება, რადგან სახელმწიფოს უფრო ფართოდ უყურებენ. ამ მიდგომაშიც წინ გვისწრებენ ევროპელი კოლეგები.
ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით სტრატეგიული პარტნიორები არიან ბალტიისპირეთის, „ვიშეგრადის“ ქვეყნები, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპა. მათი კოორდინირებული მხარდაჭერის მოპოვება და ევროკავშირის კუთხით მათი აქტივობების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ვიმეორებ, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში ჩასვლა და ყველა შესაძლო სკეპტიკურ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა. პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორიც და ისინი არ უნდა გამოვაცხადოთ მტრებად. ასევე ჩართული უნდა იყოს ოპოზიცია და არც ისინი უნდა გამოვაცხადოთ ქვეყნის ჩამომშლელებად. ცხადია, კოორდინაციისკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რასაც ვერ ვხედავთ, ალბათ, ვერც დავინახავთ და ცოტა არ იყოს, ინერციით დაძრულებს ვგავართ.
ამასთან, როდესაც ასოცირებული ტრიო [საქართველო, მოლდოვა, უკრაინა –რედ.] ჩამოყალიბდა, ეს ძალიან კარგად მიიღო ევროკავშირმა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სამ ქვეყანას შორის კოორდინაცია, ერთობლივი მიდგომა, ერთად ჩასვლა, საერთო გზავნილებით კომუნიკაცია პარტნიორებთან. სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც არ არის განსაკუთრებული კოორდინაცია, რაც ხარვეზად მიმაჩნია.
– მესმის, პროგნოზირება რთულია, რადგან მოვლენები სწრაფად ვითარდება და ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის ფრონტის რეალურ ხაზზე არსებული ვითარება, მაგრამ თქვენ, როგორც პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მოქალაქეს, რა მოლოდინი გაქვთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?
– მაინც ველი, რომ კონტექსტიდან და ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული – დათქმებით ან დათქმების გარეშე. ყველაზე რეალისტური მგონია, რომ დაისმება რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის საკითხი და ამ დათქმებით მოხდება კანდიდატის სტატუსის მონიჭება.
– ელით, რომ ტრიოს სამ ქვეყანასთან მიმართებაში სხვადასხვა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული?
– შესაძლოა, იყოს განსხვავებული მიდგომა, მაგრამ არა კატეგორიული უარი. ეს უშუალოდ ჩემი მოლოდინია, რომელიც კონკრეტულ ინფორმაციებს არ ეფუძნება.
– ვიცით, რომ არსებობს რამდენიმე კრიტიკული საკითხი, რის გამოც შენიშვნებს ვიღებთ, მათ შორის, ბოლო წლებში ფუნდამენტურ პრობლემად იქცა სასამართლოს თემა ჩვენსა და პარტნიორების ურთიერთობებში. ვიცით ისიც, რომ იგივე პრობლემებია უკრაინასა და მოლდოვაშიც, თუმცა განსხვავებულია შიდა პროცესები. თუ მათ მიიღეს სტატუსი, ხოლო ჩვენ „საშინაო დავალება“, ეს რა სახის გზავნილი იქნება?
– ძალიან ბევრი დაშვებაა კითხვაში და საუბარი გამიჭირდება. ვფიქრობ, პასუხისმგებლობები (ხელისუფლების, ოპოზიციის) კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ უნდა შევაფასოთ. გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი წევრობას არ ნიშნავს. უბრალოდ, თუ აქამდე ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო, დღეს გაჩნდა და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. თუ პირობები იქნება მოცემული, უნდა გავაანალიზოთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ კანდიდატობიდან წევრობის ეტაპზე ვერასდროს გადავალთ, რადგან ეს არ არის მარტივი პროცესი. წარმოიდგინეთ, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაცია გვიჭირს.
კანდიდატობიდან წევრობამდე სვლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია: ფინანსურად მხარდაჭერილი უზარმაზარი პროექტები, ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციური ცვლილებები, რეფორმების ტალღა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე ჩატარებული ყველა კოსმეტიკური თუ ფუნდამენტური რეფორმა ერთად აღებული – ეს არის უზარმაზარი ტრანსფორმაციის, ქვეყნის განვითარების ფანტასტიკური შესაძლებლობა. თუმცა ვფიქრობ, დღეს ქვეყნის პოლიტიკოსების ნაწილი ვერ აცნობიერებს, ქვეყნისთვის რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ. ჩვენ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოგვიწევს დაფიქრება, რას ვუშვრებით ჩვენს ქვეყანას. ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე მსგავსი მასშტაბის რეალური რეფორმების განხორციელება პრაქტიკულად, შეუძლებელია.
– ახსენეთ განვითარებაში მხარდაჭერის მნიშვნელობა. აქ ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც კრიტიკულ შენიშვნებს ვიღებთ, ამას, მათ შორის, მმართველი გუნდი წარმოაჩენს შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობად...
– ეს არაა სწორი. ყველას ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავისი პოლიტიკის ტყვეობაში არიან და კიდევ უფრო სიღრმეში ეფლობიან. გამოსავალია, რომელიმე მხარემ ან ორივემ ერთად აიღოს პასუხისმგებლობა. ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა ოპოზიციასაც – მთლიანად პოლიტიკური სპექტრია საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ელემენტარული კომუნიკაციის უნარიც კი აქვთ დაკარგული, და ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეჰყავთ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021