Accentnews.ge
რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

რას მოასწავებს რუსეთთან ურთიერთობების მოულოდნელი «დათბობა»?

27/09/2019 16:33:49 თვალსაზრისი, ანალიზი

ზაფხულის კრიზისის შემდეგ მოწმენი ვხდებით რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში მოულოდნელი «დათბობისა». რუსული მედია ამ თემას აქტიურად აშუქებს. როგორც გამოცემა „კომერსანტი“ აღნიშნავს, „მიმდინარეობს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების სწრაფი ტემპით აღდგენა“. ამის მორიგ დასტურად მიიჩნევს გამოცემა გუშინ ნიუ–იორკში, გაეროს გენასამბლეის 74–ე სესიის ფარგლებში ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას, რომელიც პირველი იყო 2008 წლის ომის შემდგომი 11–წლიანი პაუზის შემდეგ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსკოვმა უკვე გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ ივნისის კრიზისის ფონზე შემწყდარი ავიამიმოსვლა შესაძლოა, აღდგეს, ხოლო სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოიხსნას.    


ბოლო 11 წლის განმავლობაში რუსეთ–საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ამ პირველი შეხვედრის შედეგები რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ მოკლედ ასე შეაფასა: „განხილულია ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ ეს პირისპირ შეხვედრა არ იყო და იგი შვეიცარიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შემდგომ გაწყვეტილი დიპურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოში რუსეთის და რუსეთში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ–მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები დააყენა.

მინისტრების გეგმა, გაეროს გენასამბლეის სესიის ფარგლებში შეჰხვედროდნენ, ბოლო მომენტამდე გასაიდუმლოებული იყო. ნიუ–იორკში ერთ–ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ შვეიცარული მხარე გამოვიდა “საინტერესო წინადადებით”, გენასამბლეა რუსეთ–საქართველოს კონტაქტების დასამყარებლად ყოფილიყო გამოყენებული, – იუწყება „კომერსანტი“. ის, რომ შეხვედრის გამართვა შვეიცარიის წინადადება იყო, ზურაბ აბაშიძემაც აღნიშნა. თუმცა "კომერსანტის“ წყაროს ცნობით, შეხვედრის ინიციატორი ქართული მხარე იყო.

ამ წყაროს ინფორმაციით, ლავროვი–ზალკალიანის მოლაპარაკებების უჩვეულო ფორმატი საქართველოს ხელისუფლების სურვილს უკავშირდებოდა, რომელმაც შიდაპოლიტიკური მიზეზებით ჩათვალა, რომ რუსეთთან პირდაპირი საუბარი უხერხულობას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა, როგორც წყარო აღნიშნავს, შეხვედრა სწორედაც რომ ორმხრივი გამოდგა და დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა.

კერძოდ, როგორც „კომერსანტის“ წყარო იუწყება, პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ შეხვედრისთვის შერჩეულ ოთახში ლავროვსა და ზალკალიანს გაეროში შვეიცარიის მუდმივი წარმომადგენელი იურგ ლაუბერი დახვდებოდათ, მისასალმებელ სიტყვას იტყოდა, მაგრამ ამის შემდეგ ოთახს დატოვებდა და მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთებდა საჯარო განცხადებას მხოლოდ შეხვედრის ფაქტის შესახებ.

როგორც  „კომერსანტი“ აღნიშნავს, ეს ინფორმაცია მას  მოლაპარაკებების მონაწილე რუსმა დიპლომატმაც დაუდასტურა,  რომელმაც ვინაობის განსაჯაროება არ ისურვა. მისი განცხადებით, შვეიცარიის წარმომადგენელმა რუს და ქართველ მინისტრებს ოთახში შვეიცარიული შოკოლადი შესთავაზა, რომელიც მაგიდაზე იდო, აღნიშნა, რომ ამით მისი საშუამავლო მისია ამოიწურა და მოლაპარაკებები დატოვა.

„კომერსანტის“ ცნობით, საქართველოს ხელისუფლების შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული ამ შეხვედრის გამართვის ადგილიც: მოლაპარაკებები არა გაეროს უშიშროების საბჭო სხდომათა დარბაზის სიახლოვეს მდებარე „რუსულ“ ოთახში ჩატარდა, სადაც ლავროვი დღეში ათობით კოლეგას იღებს, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე – ორგანიზაციის სამდივნოსთვის განკუთვნილ სივრცეში.

„ასეა თუ ისე, მთელი კონფლიქტური ტვირთის გათვალისწინებით, საგარეო პოლიტიკური უწყებების პირველ პირთა ორმხრივი მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში სრულ „გადატვირთვაზე“ თუ არა, მნიშვნელოვან დათბობაზე მაინც მეტყველებს“, – ასკვნის „კომერსანტი“.

„აქცენტის“ კითხვის საპასუხოდ  შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრა მის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა უპასუხოდ დატოვა კითხვა, ესწრებოდა თუ არა ზალკალიანი–ლავროვის შეხვედრას შვეიცარიის წარმომადგენელი მოლაპარაკებების დაწყების მომენტიდან დასრულებამდე.

ანალოგიურ პასუხს იძლევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აღნიშნული შეხვედრის შესახებ მისმა მონაწილე სამივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია,  სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით. სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებენ.


„თუ ვინმე იმას ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ყოველდღიური მაღალი ხარისხის დაძაბულობა, თუ ვინმე იმას ვერ ხედავს, რომ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს არის ოჯახებში უმძიმესი მდგომარეობა და რომ საოკუპაციო ხაზზე გადის ჩვენი ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა და სამომავლო დეოკუპაციის მიზნები, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, –განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ისინი მიიჩნევენ, რომ შეხვედრა და ზოგადად დიალოგი რუსეთთან საჭიროა, მაგრამ არა პირისპირ, შუამავლების გარეშე.

„რუსეთის ამოცანაა, ჩვენ დაგვტოვოს მარტო, პირისპირ, სადაც ის შეძლებს ხელის გადაგრეხვას, ამიტომ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა და ჟენევის ფორმატის ეროზია რუსეთისთვის სასარგებლო ამოცანაა. ეს არის მავნებლობა. როგორც ჩანს, ეს არის ის დავალება, რომელიც ივანიშვილს აქვს მიღებული პუტინისგან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

თავის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო და ევროკავშირი, ასევე აშშ-ის საელჩო ამ შეხვედრას მიესალმნენ


რუსეთისა და საქართველოს პირველი დიპლომატების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური ფორუმი და დიალოგი უნდა იქნას გამოყენებული საიმისოდ, რომ რუსეთი ჩაერთოს დისკუსიებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულებასთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით (როგორც ეს იყო შეთანხმებული)“.

მანამდე იყო სოფლებთან წნელისთან და ჩორჩანასთან ახალი საგუშაგოების გახსნა, რამდენიმე დღეში კი რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევის საინტერესო განცხადება:  „დიდი ხანია, მესმის, რომ ოსური მხარე მზადაა [ე.წ. სასაზღვრო თემების] არაფორმალური განხილვისთვის: არაფორმალურისთვის - რათა ამ განხილვას ქართული მხარისთვის არასასურველი სტატუსი არ მიენიჭოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორი იქნება ქართული მხარის პოზიცია».

არის თუ არა ყველა ეს მოვლენა ერთმანეთთან რაიმე კავშირში?

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი დავით ბრაგვაძე „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საგუშაგოების გახსნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური, თუმცა მოულოდნელი ნაბიჯი იყო:


„მოულოდნელი - იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი არ ჯდება “ქართული ოცნების” ბოლო წლების, ასე ვთქვათ, მორიდებულ პოლიტიკაში. თუმცა განმარტება, თუ რის გამო დაიდგა საგუშაგოები, აბსოლუტურად სწორი იყო და ეს დიდი ხნის წინ იყო გასაკეთებელი. მეტიც, არის ადგილები, სადაც იგივე ზომები უნდა მიიღონ: საკამათო არავისთვის არის, რომ საოკუპაციო ხაზი „მოშიშვლებული“ არ უნდა იყოს და იქ უსაფრთხოების ელემენტები უნდა შევქმნათ. თუმცა ამ ამბის სამწუხარო გაგრძელება იყო, რომ ვეღარ გამოვავლინეთ ასეთივე პრინციპული პოზიცია და ოპერატიულობა, როდესაც შემდეგ ორი საგუშაგო გაგვიხსნეს სეპარატისტებმა ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. მესმის, ადვილი არ იყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ პრევენცია, შემდეგ კი საკითხის ჩვენს სასარგებლოდ მოგვარება ვერ შევძელით. არსებობს მექანიზმები, რომლებიც კარგად იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული საგუშაგოს გახსნის დროს ამუშავებული, სწორი კომუნიკაცია იყო, მაგრამ იგივე ვერ დავინახე, როდესაც უკვე სეპარატისტებმა გადადგეს საპასუხო ნაბიჯი“.

მისი აზრით, განვითარებულ მოვლენებს სხვა ქვეტექსტებიც აქვს:

„ცხინვალის რეგიონში დაიწყო გარკვეული დისკუსიები ე.წ. “სახელმწიფო საზღვრის” თაობაზე, თუ რამდენად უნდა ჩათვალონ მათ წნელისი, ჩორჩანა და მიმდებარე ტერიტორია მათი „სახელმწიფოს“ ნაწილად; გავრცელდა გარკვეული ცნობები, თითქოს ცხრა ოსმა „დეპუტატმა“ წინადადებას მხარი არ დაუჭირა და ა.შ. მე ამ ცნობებში ვხედავ „მახეებს“ და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის: თითქოს ოსი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან არსებობს „კეთილმეზობლური“ დამოკიდებულება. სინამდვილეში ეს შეიცავს საფრთხეებს: შესაძლოა, ჩვენდაუნებურად ჩართულნი აღმოვჩნდეთ „საზღვრის დადგენის“ რაღაც დისკუსიაში სეპარატისტულ რეგიონთან, რაც კატეგორიულად მიუღებელია. არ შეიძლება, ჩავერთოთ დიასკუსიაში, თუ სად გადის „საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“. ცხინვალელ პოლიტიკოსებს მსგავს დისკუსიაში ჩვენი ჩათრევა სურთ და სიფრთხილის გამოვლენა არ გვაწყენს“.

რაც შეეხება უკანასკნელ დღეებში უკვე ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს, ბრაგვაძის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე სახელმწიფოს პრეზიდენტი მკაფიო აქცენტებს უნდა სვამდეს მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან, რაც ყოვლდღიური შესაძლებლობა არაა, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი სიმართლე:

„აქცენტების გაკეთება იყო საჭირო ოკუპაციის თემაზე, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე. შეგვეძლო, ამ ეტაპზე ნაკლები გვესაუბრა ისეთ გლობალურ გამოწვევაზე, როგორიც კლიმატის ცვლილებებია და ა.შ. ჩვენ არ ვართ იმ დონის აქტორები, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტს განსაკუთრებული აქცენტები ეკეთებინა ჩვენთვის გამოყოფილ დროში. ეს დრო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის უნდა დაეთმო“.

ამასთან, ბრაგვაძისთვის გაურკვეველია, რას გულისხმობდა პრეზიდენტი “ახალი ფორმატების ძიებაში”, რაც გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ახსენა. ასევე კითხვებს უტოვებს მას ზალკალიანისა და ლავროვის ქართული საზოგადოებისთვის მოულოდნელი შეხვედრა:

„პრეზიდენტმა ისაუბრა არსებულ ფორმატებზე და რაღაც ახალი გზების ძიებაზე, თუ როგორ შეიძლება, მივაღწიოთ არსებული მდგომარეობიდან ყველასთვის სასარგებლო გამოსავალს. შემდეგ ეს სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სხვადასხვაგვარად განიმარტა: ნაწილმა თქვა, რომ საუბარია რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე, რის მიმართაც ქართულ როგორც პოლიტიკურ, ისე საექსპერტო წრეებში კრიტიკული მოსაზრებები არსებობს; მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ საუბარია არსებული - ჟენევისა და პრაღის ფორმატების დახვეწის სურვილზე. ორივე შეფასებას აქვს თავისი ლოგიკა და არსებობის უფლება, თუმცა შემდეგ ჩვენ საკმაოდ მოულოდნელად ვნახეთ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მე არ ვფლობ ინფორმაციას, როგორ და როდის მომზადდა იგი; ეს მოხდა სპონტანურად, თუ მზადდებოდა და აქამდე ჩვენ არაფერი ვიცოდით... ეს არ არის უმნიშვნელო დეტალები, ნამდვილად ღირს, საზოგადოებამ მეტი იცოდეს და ცხადია, რომ ამ შეხვედრასაც ექნება ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებები საქართველოში. პირადად მე უკმარისობის განცდას მიტოვებს. უნდა ვიცოდეთ გაურკვეველი დეტალები შეხვედრის მომზადების თაობაზე. თუ ჩვენ გვეცოდინება, რა კონტექსტი ჰქონდა შეხვედრის მომზადებას და რა დრო დასჭირდა მზადებას, უფრო თამამად შევძლებთ შეფასებას“.

ამ კონტექსტში ბრაგვაძე ამბობს, რომ ზოგადად, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფით მიიღება და ეს პრობლემაა:

„სტრატეგიული კომუნიკაცია მოშლილია. ხელისუფლებისა და ქვეყნისთვისაც სჯობს, მეტი გვესაუბრონ, რადგან ეს ქართული საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც თითქმის ყველა ქართველს საკუთარი აზრი გააჩნია. რუსეთის მიმართ ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჯგუფებიც კი არ ამბობენ, რომ რუსეთთან არ უნდა ვილაპარაკოთ. რუსეთთან კომუნიკაცია ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე გვჭირდება, თუმცა ამ კომუნიკაციების ფორმებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ამიტომ სასურველი იქნებოდა, ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს გეგმავენ და ჩართულნი არიან, მეტი სიცხადე შემოეტანათ, რათა ნაკლები სივრცე დაგვრჩეს კონსპირაციული თეორიებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ხსენებულმა გარემოებებმა ეს სივრცე დატოვა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, რა შედეგის მომტანი იქნება ის, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია“.

ბრაგვაძე არ იზიარებს რუსული მედიის დასკვნას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობის მომსწრენი ვართ:  

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული დათბობის ხანა დგება, რადგან როგორც კი რუსეთში ჩნდება მოსაზრებები (იგივე პირადადაც მომისმენია რუსი ექსპერტებისგან), რომ რაღაც განსაკუთრებული დათბობაა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, მაშინვე ისეთი რამ ხდება, რაც ერთის მხრივ, იწვევს ქართული საზოგადოების უკიდურეს გაღიზიანებას რუსეთის მიმართ, მეორეს მხრივ კი ამ გაღიზიანებაზე რუსეთის საპასუხო სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს ამბები ჩვენ ამა წლის ივნისშიც ვნახეთ: ისეთი ფონი იყო, თითქოს ამას არაფერი მოასწავებდა და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პერსონამ საქართველოში საერთო სახალხო მღელვარება გამოიწვია“.

მისი აზრით, მსგავსი სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრულ უგულებელყოფას და ამასთანავე, თავად რუსეთიც დათმობებისთვის მზად არ არის:

„რაღაც ეტაპზე ყველას მოუწევს იმაზე დაფიქრება, რამდენად მზად ვართ პირდაპირი დიალოგისთვის; ურთიერთობების დათბობისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის რამდენად არის მზად თავად რუსეთი. ანუ, როდესაც საუბარია დათბობაზე, აქ მნიშვნელოვანია, რუსული მხარისგან ამის საფასური რა არის? მხოლოდ ჩვენ ხომ არ უნდა დავთმოთ?! პროცესში რაღაც კონსენსუსის მიღწევა უნდა შევძლოთ. რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებზე მსგავსი მზაობა არც არასდროს ჩანდა და მსგავს ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ საპასუხოდ რუსეთი ფრენებზე სანქციებს მოხსნის, არასერიოზულია. ფრენები არ არის ის ბენეფიტი, რომლის გამოც შესაძლებელია, ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობაზე წავიდეთ და კითხვის ნიშნები დავსვათ. შესაფერისი ბენეფიტი არც სავიზო რეჟიმის გაუქმებაა, თუმცა რუსეთი ამისთვისაც არ არის მზად. მოსკოვიდან გაკეთდა კომენტარი, თითქოს დასრულებული იყო სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, მაგრამ ქართველებმა აგრესია გამოვავლინეთ რუსი პოლიტიკოსების მიმართ და ამან პროცესი ჩაშალა. ეს უბრალოდ ტყუილია: ასეთ რიტორიკას წლებია, ვისმენთ, მათ შორის - მანამდე, სანამ ევროპა მოგვცემდა უვიზო რეჟიმს და მას შემდეგაც. გარკვეულ წრეებში მაშინაც ჰქონდათ მოლოდინი, იმისთვის, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმის საკითხი გააუფერულოს, დაასწრებს და მანამდე გააუქმებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმსო. მაგრამ რუსეთმა ეს არ გააკეთა მაშინ, როდესაც ეს მისთვის შესაძლოა, უფრო მომგებიანი ყოფილიყო და არ გააკეთებს ხილვად მომავალშიც. ამდენად,  რუსეთი არ არის მზად დათმობისთვის და თუ აგრესორი არ არის მზად, დათმოს მსხვერპლის სასარგებლოდ, მე აღარ ვიცი, ჩვენ რა გვაქვს დასათმობი. ამ მოცემულობაში სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, რაზეც ვერ და არ წავალთ. ამდენად, ჯერ რუსეთისგან უნდა იყოს მზაობა დათბობის და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც კონკრეტული ნაბიჯები თუ არა, კონკრეტული წინადადებები  მაინც იქნება გაჟღერებული, თუ რა შეიძლება, მივიღოთ რუსეთისგან“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S