"ზოგს არ უყვარს სიტყვა "სამარცხვინო", მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები"
31/05/2022 08:11:44 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ფემიციდზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგს არ მოსწონს სიტყვა "სამარცხვინო", სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ.
„მართალია, სიტყვა „სამარცხვინო“ ზოგზოგიერთებს არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი, ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი. მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ. ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი, თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


