Accentnews.ge
EPP: "საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა"

EPP: "საქართველოში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა"

31/05/2022 11:23:58 პოლიტიკა

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა".

"ევროპის სახალხო პარტია" ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციას შეშფოთებით აკვირდება. ქვეყნის არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და შედეგად გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, პოლიტიკურად თანაბარ პირობებსა და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.

"გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა - მათ შორის აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა - და ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია", აცხადებს EPP.

პარტია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართვლოს ხელისუფლებას აკისრებს:

"EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათი სრული პასუხისმგებლობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე, ასევე ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება მისი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულად უთხრის ძირს".

პარტია წერს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეებსა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვის სივრცის შემცირებას".

რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული გზისადმი ერთგულება მკაფიოდ უნდა გამოავლინოს:

"ევროპის სახალხო პარტია" ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობის ავანგარდში. სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერმა, ძნელად მოპოვებული დემოკრატიის სიგელი დაკარგა და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით კვლავ ეჭვებს აჩენს. სამივე ქვეყნის[ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა] ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, გადამწყვეტ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოს ევროპული გზისადმი თავისი ერთგულება უფრო მკაფიოდ უნდა აჩვენოს. გზა, რომელიც მკაფიოდ არის არჩეული ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ. "ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S