"ევროკავშირს უნდა ეყოს სითამამე და თქვას სიტყვა რუსეთის განწყობების პირისპირ"
01/06/2022 10:38:08 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა იმსახურებს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
"თუკი ვინმე იმსახურებს კანდიდატობას, ეს გახლავთ საქართველო. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ წინსვლა ყოფილიყო [ევროკავშირთან] დაახლოების კუთხით. მეორე იმიტომ [იმსახურებს], რომ ქართველი ხალხი 30 წელია იბრძვის დასავლური პერსპექტივისთვის, იბრძვის ამ სიტყვის როგორც გადატანითი ისე, პირდაპირი მნიშვნელობით. ამისთვის ჩვენ სისხლი გვაქვს დაღვრილი. ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, სიმამაცე - სულ ახლახანს ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, ევროპული პერსპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა კონსტიტუციაში, გვებრძოლა ამისთვის, დაგვეღვარა სისხლი - მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე და ეს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს საქართველოს, ქართველ ხალხს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს და რუსეთის განწყობების პირისპირ თქვას გადამწყვეტი სიტყვა. ჯერი არის ახლა ევროკავშირზე და მის გადამწყვეტ სიტყვაზე", - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


