
ნახევარი სიმართლე „ქართული ოცნებისგან“: რეალურად რა შესაძლებლობებს ხსნის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
01/06/2022 13:35:46 ანალიზი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი, რომელიც პარტნიორების მხრიდან, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკისადმი მიმღებლობას არ ამჟღავნებს, საზოგადოების არასასურველი გადაწყვეტილებისთვის შემზადებას შეუდგა, ცდილობს რა, ერთის მხრივ, შესაძლო ნეგატიურ პასუხზე პასუხისმგებლობა მთლიანად ოპოზიციასა და ევროკავშირს დააკისროს, ხოლო მეორეს მხრივ, ერთგვარად დააკნინოს კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა და ეს საზოგადოებას შესთავაზოს, როგორც გზავნილი მხოლოდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
არგუმენტად, რომ ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა.
„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი“,– თქვა ირაკლი კობახიძემ, მაგრამ არ უთქვამს ის, თუ რამ განაპირობა ამ ქვეყნების ხსენებულ ეტაპზე „გაყინვა“ და არც ის, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის სტატუსი ღარიბ ქვეყანას უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვაში.
„როდესაც სერბეთმა კანდიდატის სტატუსი მიიღო (2012 წელს), ერთ–ერთ პირობად ჩადებულია ის, რომ მან კოსოვოსთან ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს. მონტენეგროს შემთხვევაში პრობლემები იყო მმართველობასა და ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა მონტენეგრო არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე წინაა წასული ამ პროცესში. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიის საკითხს, ეს უკავშირდება ორ თემას – მის სახელს (საბერძნეთი იმის გამო, რომ მას დიდი ხნის მანძილზე ერქვა მაკედონია და რეგიონიც აქვს იგივე სახელწოდების, მისგან სახელის გადარქმევას ითხოვს), ბულგარეთთანაც იყო დავა, რაც უკავშირდებოდა ეთნიკური უმცირესობების საკითხს. კოსოვოსთან დაკავშირებით ევროკავშირი არაა ერთიანი – ბლოკის ხუთი წევრი არ აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ხოლო ბოსნიას და ჰერცეგოვინას აქვს უსერიოზულესი პრობლემები დემოკრატიის კუთხით – ყველა გამოქვეყნებულ ანგარიშში სწორედ ამაზეა აქცენტი. ალბანეთის შემთხვევაში პირობითი პოტენციური კანდიდატობის სტატუსი იდგა, თუმცა არჩევნების ჩატარების შემდეგ (2014 წელს) მიიღო სტატუსი და 2020 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე. რაც შეეხება თურქეთს, იქ ადამიანის უფლებების კუთხით საკმაოდ მძიმე ვითარებაა. გარდა ამისა, ევროკავშირის შიგნითაც არ არიან ჩამოყალიბებული, რა გზით და როგორ წავიდნენ წინ ამ ქვეყნებთან მიმართებით“,– განმარტავს „აქცენტთან“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსით განპირობებულ პოტენციურ სარგებელს, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი შიშობს, რომ მის მნიშვნელობას ქართული პოლიტიკური სპექტრი სათანადოდ ვერ იზარებს:
„კანდიდატობიდან წევრობამდე სვლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესია: ფინანსურად მხარდაჭერილი უზარმაზარი პროექტები, ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციური ცვლილებები, რეფორმების ტალღა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე ჩატარებული ყველა კოსმეტიკური თუ ფუნდამენტური რეფორმა ერთად აღებული – ეს არის უზარმაზარი ტრანსფორმაციის, ქვეყნის განვითარების ფანტასტიკური შესაძლებლობა. თუმცა ვფიქრობ, დღეს ქვეყნის პოლიტიკოსების ნაწილი ვერ აცნობიერებს, ქვეყნისთვის რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ. ჩვენ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოგვიწევს დაფიქრება, რას ვუშვრებით ჩვენს ქვეყანას. ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე მსგავსი მასშტაბის რეალური რეფორმების განხორციელება პრაქტიკულად, შეუძლებელია“.
რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ვანო ჩხიკვაძე იზიარებს შეფასებას, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, მათ შორის, იქნება ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, რომ ეს ქვეყნები ეკუთვნიან ევროპას და გრძელვადიან პერსპექტივაში გახდებიან ევროკავშირის წევრები:
„პრაგმატულ დონეზე კი ამ ქვეყნებისთვის შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს სტრუქტურული ფონდები. ამდენად, თუ ფინანსურ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, სტატუსმა შესაძლოა, ევროკავშირის მხრიდან მეტი თანხების მოცემის აუცილებლობა დააყენოს. ეს სტატუსი რამდენად დაგვიცავს რუსეთისგან, ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ აქ საუბარია განვითარებაზე. ამ შემთხვევაში კი ყველაზე კარგი იარაღი პირობითობაა: კანდიდატის სტატუსი არა მიზანი, არამედ საშუალება უნდა იყოს მიზნის მისაღწევად, გვქონდეს უკეთესი ქვეყანა, სადაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი, გვექნება სიტყვის თავისუფლება, ქუჩებში არ დევნიან მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ უკეთესად – სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია და ევროკავშირი. ჩვენ ხომ უკეთესი ქვეყანა გვინდა, ევროინტეგრაციას კი ვხედავ იმ გზად, რაც გარანტირებულად მოიტანს ამ ცვლილებებს. ამის გათვალისწინებით, ცხადია, პირობითობის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ცვლილებების განხორციელება“.
ამ კონტექსტში ჩხიკვაძე იხსენებს რეფორმებს, რომელთაც შესაძლებელი გახადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა და რომლითაც სადღეისოდ საქართველოს ათასობით მოქალაქე სარგებლობს:
„ჩვენ ვნახეთ, რამხელა ტრანსფორმაციული ძალა აქვს პირობითობას: ვიზალიბერალიზაციას თან ახლდა პირობითობა და ბევრი რამ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამის გამო გააკეთა. სხვაგვარად ამ ცვლილებებს ვერ მივიღებდით. პროცესმა ხელი შეწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბებას, საზღვრის მართვის გაუმჯობესებას და ა.შ. ჯილდოდ კი უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ცხადია, ვიზალიბერალიზაცია კარგია და დღეს ამ შესაძლებლობით ვსარგებლობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა ცვლილებები მოიტანა მან უშუალოდ ქვეყნის შიგნით. საქართველო არ გამხდარა შვეიცარია, მაგრამ ეს ქვეყანა უკეთესია რიგი მიმართულებებით, ვიდრე მანამდე იყო. და ეს ყველაფერი პირობითობას უკავშირდებოდა“.
ჩხიკვაძე გამოდის შეხსენებით, რომ დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის კანონის უზენაესობა სჭირდებათ სწორედ რომ საქართველოს მოქალაქეებს, რათა თანამდებობრივი, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობით პრივილეგირებულ პირთა წინაშე დაუცველნი არ აღმოჩნდნენ.