"ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება, ამ ფაქტორმა შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს"
01/06/2022 18:24:12 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება და ამ ფაქტორმა შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპარლამენტარმა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისა და რეფორმების გამხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
"მინისტრ დარჩიაშვილტა შეხვედრისას განვიხილეთ დაგეგმილი ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა, რომელზედაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსის განაცხადის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყნის შიგნით და ის საჭიროებები, რაც პოლარიზაციის შემცირებისთვის არის საჭირო, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა იმუშაოს ერთად კონსტრუქციულად, რათა დაწინაურდნენ საქართველოს ევროინტეგრაციის ლეგიტიმური მისწრაფებების მიმართულებით, რომელსაც იზიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. ასე რომ, პოლიტიკოსებმა უნდა დაივიწყონ საკუთარი ანტაგონიზმი და იპოვონ სახელმწიფოებრიობა ამ მიზნებზე სამუშაოდ. ევროკავშირმა საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ დონეზე გამოხატა საკუთარი მოლოდინები მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილია შეთანხმებაში, რომლის მედიაცია და ხელშეწყობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განახორციელა. აქ წარმოდგენილია, თუ რა უნდა გაკეთდეს, რაც მოითხოვს კონსტრუქციულ თანამშრომლობას აქტორებს შორის. ომმა რადიკალურად შეცვალა რეგიონში ვითარება და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე. სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნებოდა მხოლოდ ინდივიდუალურ რეფორმებზე, ტექნიკურ მოთხოვნებზე. მაგრამ ესეც დამატებითი პოლიტიკური ფაქტორია“,- განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, სვენ მიკსერმა.


