მერკელმა დუმილი დაარღვია და უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო
02/06/2022 09:24:45 პოლიტიკა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია.
ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე მან მხარი დაუჭირა გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ის, ნატო-სა და სხვათა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს "ამ ბარბაროსული ომის დასრულებას".
"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი და ჩემი მხარდაჭერა კიევის თავდაცვის უფლებას", - განაცხადა მან.
მერკელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინთან თანამშრომლობას ცდილობდა და მისი 16-წლიანი მმართველობის პერიოდში, დათანხმდა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის გაზსადენის პროექტის განხორციელებას.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


