"საქართველოში "ომის პარტია" არ არსებობს, არავინ გვთხოვს მეორე ფრონტის გახსნას!" – პრეზიდენტი
02/06/2022 19:08:47 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მმართველი გუნდის წევრები გააკრიტიკა უკრაინის მიმართ წინსწრებით გაკეთებული განცხადებისა და ოპოზიციური პარტიებისადმი გამოთქმული შეფასებების გამო.
"ჩვენ რატომღაც, საჭიროდ ვთვლით, რომ უარი ვთქვათ ისეთ რაღაცეებზე, რომელსაც არ გვთხოვენ. არ მესმის, რატომ არის საჭირო, რომ რაღაცებს წინსწრებით ვაცხადებთ. ჩვენს მიმართ არანაირი მოთხოვნა არ არის დამატებითი სანქციების დაწესების. არსაიდან არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე, არსად, მე სადაც ვიყავი არავისგან...
ის, რომ უკრაინის მთავრობაში მყოფი ზოგიერთი პირისგან ეს მოთხოვნა, სურვილი უფრო სწორად, მოვისმინეთ, ეს გასაგებია - როცა ომში ხარ, გინდა გამარჯვებული იყო და ეძებ, საიდან შეიძლება იყოს რაღაცა ფორმის შველა, შეიძლება, რაღაცები თქვა. მაგრამ ჩვენ რომ ვამბობთ, რომ არის მოთხოვნები მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია!
იმასაც ვიტყვი, არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა, მე ვფიქრობ, ჩვენთვის, ყველასთვის დამაზიანებელია. ჩვენ ვიცით, რომ არც მეორე ფრონტის საშუალება, არც სურვილი არ გვაქვს... არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება..." - თქვა ზურაბიშვილმა.
მან არასერიოზული უწოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაჟღერებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის შვეიცარულ ბანკთან შექმნილი პრობლემა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს დაუკავშირა:
"მე ვლაპარაკობ სერიოზულ საკითხებზე - მეორე ფრონტის თუ ომი თემა. არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს "ომის პარტია" თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ტოტალურად სოლიდარულები უკრაინასთან", - თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციას სურს საქართველო უკრაინაში დაწყებულ ომში ჩართოს და "მეორე ფრონტი" გაიხსნას. კრიტიკოსებს ისინი "ომის პარტიად“ მოიხსენიებენ.


