რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიშში
03/06/2022 06:18:30 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი, სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს ეხება:
„სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს და ასევე პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურეს ისინი და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტში საუბარია მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც პანდემიის დროს საყოველთაო "ლოქდაუნის" პირობებში, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დღესასწაულებზე შეღავათებს უწესებდა, როდესაც სხვა რელიგიური ჯგუფებისგან რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად სპეციფიკური განაცხადის შევსება იყო სავალდებულო:
„საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიის. იგი ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს. [...] არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებდა კოვიდ 19-ის „ლოქდაუნის“ დროს დაწესებულ „პიკის საათთან“ დაკავშირებით გამონაკლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებზე მაშინ, როცა ყველა სხვა ჯგუფისგან, რომლებიც ცდილობენ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას, მოითხოვდნენ სპეციალურ განაცხადებს".
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხი.
„მანამდე ის არასამთავრობო ორგანიზაციად იყო რეგისტრირებული“, – წერია დოკუმენტში. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ უარი უთხრა ექვს სხვა ქრისტიანულ ჯგუფს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხვდა თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც:
„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარში თბილისში გაუქმდა, როდესაც ულტრამემარჯვენეები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჯგუფის წევრებს და ოფისებს“, – წერია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა გამოიძია 13 საქმე, რომელიც მოიცავდა რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებებს, მაშინ როდესაც 2020 წელს 22 ასეთი საქმე იყო აღრიცხული. ეს საქმეები შეიცავდა ძალადობას, მათ შორის – ძალადობას ოჯახში, დევნას, მუქარას და საკუთრების დაზიანებას. სახალხო დამცველმა მიიღო ექვსი საჩივარი, რომელიც ეხებოდა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებს და დისკრიმინაციას. პროკურატურამ რელიგიური შეუწყნარებლობის მუხლით ბრალი წარუდგინა ხუთ პირს, და ყველა საქმე განხილვის პროცესშია.
ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს.
„რელიგიური ლიდერები კვლავ აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა რჩებიან, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. ორივე რეგიონი განაგრძობდა „იეჰოვას მოწმეების“ აკრძალვას, თუმცა ანალიტიკური ცენტრი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) იტყობინება, რომ „იეჰოვას მოწმეებს“ და „ორმოცდაათიანელებს“ თავისუფლად შეეძლოთ შეკრება ახალგორში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ორივე რეგიონში მდებარე ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებად აღიარებენ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ეკლესიებზე, რათა ისინი მიერთებოდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო აფხაზეთში ზოგიერთი ლიდერი ავტოკეფალიის გამოცხადებას უჭერდა მხარს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს ისე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის აღიარებას არ ითხოვდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცხინავლის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის რელიგიური ღვთისმსახურება უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ პრაქტიკაში დაუშვა, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს რეგიონში შესვლა აუკრძალა.


