"ჩემი დასკვნა სასამართლოზე არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან" - პრეზიდენტი
03/06/2022 05:10:18 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სასამართლო სისტემაზე ისაუბრა.
"ჩემი დასკვნა სასამართლოზე არის ის, რასაც ყველა ჩვენი პარტნიორი გვეუბნება. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ სასამართლო კუთხით ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სხვები, ჩვენი პარტნიორები გვახსენებდნენ, რომ რეფორმაა საჭირო და სასამართლო სისტემა სათანადოდ არ არის განვითარებული. ჩვენ უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც დღეს ევროპული დონეა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
არასამთავრობო სექტორი სასამართლოში კლანური მმართველობის არსებობაზე საუბრობს და მმართველ გუნდს "კლანთან" კოორდინაციაში ადანაშაულებს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამო "ქართულ ოცნებას" ხშირად აკრიტიკებენ პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირიდან, თუმცა ხელისუფლება კრიტიკისადმი მიმღებლობას არ ამჟღავნებს და ირწმუნება, რომ საქართველოში პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულებაა და ის მოსამართლეები, რომლებიც ადრე "ცუდ საქმეებს აკეთებდნენ", დღეს პირიქით იქცევიან.


