"ოცნების" წევრი დეპუტატი – პრეზიდენტზე: სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა დროულია და რა - არა"
03/06/2022 09:12:26 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს არავინ უნდა უკარნახოს, რა არის დროული და რა – არა.
"სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი და შეუვალია. ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა. ვინმეს მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ. არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის. ამავდროულად, მგონია, რომ თუ ვინმე პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ 7 მილიონი ლარი მოპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“.


