შვედეთის ელჩი:"უნდა იაროთ წინ. როგორც მეგობარი, საქართველოს ვურჩევ ძლიერ ეროვნულ ერთობას"
03/06/2022 11:50:20 პოლიტიკა
შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს მოუწოდებს, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა. მისი თქმით, რეფორმის სამოქმედო გეგმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაში და სხვა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში მკაფიოდაა გაწერილი.
ელჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც იმართებოდა საჯარო დისკუსია თემაზე: "საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა".
"ხაზი მინდა გავუსვა სამ რამეს: ერთი - ევროპული ინტეგრაცია ხანგრძლივი ამბავია. მეორე - უნდა იაროთ წინ. როგორც მეგობარი, საქართველოს ვურჩევ ძლიერ ეროვნულ ერთობას. ასევე მოგიწოდებთ ჩვენი საერთო ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და თანასწორობის მტკიცე ერთგულებისკენ. ევროკავშირი ამ ღირებულებებზე დგას და ისინი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საფუძველია. და მესამე - შვედეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოში იმ რეფორმებს, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება”, - ეს ულრიკ ტიდესტრომის პასუხია კითხვაზე, მისი აზრით, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


