ესტონეთის ელჩი: "ჩვენ მხარს გიჭერთ, მაგრამ დანარჩენების დარწმუნება რთული იქნება"
03/06/2022 12:23:39 პოლიტიკა
საქართველოში ესტონეთის ელჩის რიინა კალიურანდის განცხადებით, მისი ქვეყანა მომხრეა, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ, თუმცა ეს მხოლოდ ესტონეთზე არაა დამოკიდებული, მოლაპარაკებები დანარჩენ ქვეყნებთან კი "ძალიან რთული იქნება".
ამის შესახებ ელჩმა განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილი საჯარო დისკუსიის დასასრულს.
"ვფიქრობ, არსებობს სამი ვარიანტი: კანდიდატის სტატუსი არ იქნება. მეორე - იქნება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. მესამე - იქნება კანდიდატის სტატუსი. ალბათ, ყველანი ხვდებით, რომ მთელი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა. ამიტომ, ისიც შესაძლებელია, უკრაინამ მიიღოს იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე დანარჩენმა ორმა [ქვეყანამ]. მაგრამ დანამდვილებით ამასაც ვერ ვიტყვით", -განაცხადა რიინა კალიურანდმა.
დიპლომატმა გაიხსენა, რომ ესტონეთს რეფორმების გასატარებლად და "კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან" შესაბამისობაში მოსასვლელად 11 წელი დასჭირდა. ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა:
“აუცილებელია, რეფორმები სრულად ჩაატაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ ვერ გაუძლებს [ევროკავშირის] ადმინისტრაციულ ზეწოლას, თუკი თქვენი კანონმდებლობა არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან”.
ე.წ. "კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე", ანუ ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ პირობებზე ევროკომისია 1993 წელს შეთანხმდა. მათ შორის ერთ-ერთი სასამართლოს დამოუკიდებლობაა. რიინა კალიურანდის შეფასებით, "საქართველოს ჰქონდა კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი".
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


