"ახლა ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა მის პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ერთად"
03/06/2022 13:21:51 პოლიტიკა
"ახლა ევროკავშირმა უნდა გადაწვიტოს, დგას თუ არა მის პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ერთად", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"ბოლო რამდენიმე წელია, კერძოდ, 2012 წლიდან ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ამბიციურ რეფორმებს საქართველოში ყველა მიმართულებით, მათ შორის – სასამართლო სისტემის, მედია თავისუფლების, დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით. 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და ეს არის ჩვენი გენგეგმა ქვეყნისთვის, საქართველოს ევროპეიზაციისთვის და ბუნებრივია, მიღწეული გვაქვს ხელშესახები შედეგები. გაგაცნობთ რამოდენიმეს – თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლა და სულ ახლახანს ევროკავშირს წევრობის განაცხადი ოფიციალურად წარვუდგინეთ. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ბუნებრივია, როცა საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქართველმა ხალხმა. ქართველი ერი მიიჩნევს, რომ ვართ ევროპის ნაწილი. ბუნებრივია, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ხელშესახები შედეგები. აი, მაგალითად, ავიღოთ ასოცირების შეთანხმება, 45% შესრულებულია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, აქაც წინსვლაა. "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. განსაკუთრებული დროა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულმასშტაბიანი აგრესია არის უკრაიაში. ახლა ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, დგას თუ არა მის პარტნიორებთან, მოკავშირეებთან ერთად", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს ქვეყანას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო შევსებულ კითხვაზე პასუხებს ივნისის ბოლოს მიიღებს.


