რას პასუხობს ღარიბაშვილი ლექსო ლაშქარავას დაღუპვის თაობაზე დასმულ კითხვას
03/06/2022 14:40:15 პოლიტიკა
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ–მინისტრ ირაკი ღარიბაშვილს, მათ შორის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას დაღუპვის თაობაზეც დაუსვეს შეკითხვა.
"თქვენ იკითხეთ, რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩემი კითხვაა და დავუბრუნდები გასული წლის 11 ივლისს, როდესაც ჟურნალისტი და ოპერატორი თბილისის ცენტრში თბილი პრაიდის დროს მოკლეს, როდესაც მათ ულტრამემარჯვენეები დაესხნენ თავს. თქვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ აქტივისტები დაეცვა. თქვენი ხელისუფლება წელსაც იმავე შეცდომას გაიმეორებს თუ რეალურად დაიცავს ევროპულ ღირებულებებს?", - დაისვა კითხვა დარბაზიდან.
კითხვაზე პასუხის გაცემა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით დაიწყო, რომ 2014 წელს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც არის ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით "ზოგიერთი პრობლემა და გამოწვევა".
"გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, არის პრობლემები, გამოწვევები ამ საკითხთან დაკავშირებით. კითხვის ავტორმა თქვა, რომ ოპერატორი მოკლეს დაპირისპირების დროს. ეს ინფორმაცია არ არის სწორი. არ მინდა, შეგაწუხოთ ყველა დეტალით, მაგრამ ვიტყვი მოკლედ, პოლიციამ დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ისინი ციხეში არიან. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ორიენტაციისა და მსგავსი რამ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონი რომელიც არსებობს საქართველოში, იცავს ყველა მოქალაქეს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა თავდასხმისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იყო "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. იგი 11 ივლისს დილით დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალბუდის ფსკერის დაზიანებები, მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, ეს სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ დასახელებულა.
2021 წლის 5 ივლისის საქმეზე 30-ზე მეტი დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ეპიზოდში მონაწილე ყველა პირს. თუმცა ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.


