"დღეს საქართველოში საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო გვაქვს"
03/06/2022 14:43:01 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში სტაბილურია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური გარემო. აღნიშნულის შესახებ მან ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“პოლარიზაცია ყველგანაა, ყველა ქვეყანაში. საქართველოს პოლიტიკა სავსეა ემოციებით. ჩვენ ვცდილობთ პოლარიზაციის დეესკალაციას, მის შემცირებას და, ვფიქრობ, დღეს გვაქვს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო, [გვაქვს] პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური სტაბილურობა. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა, გასულ წელს გვქონდა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ წლის პირველ კვარტალში — 14.4%. ოპოზიცია ყველგანაა, ოპოზიციის საქმე მთავრობის კრიტიკაა და ეს სავსებით ნორმალურია. პარლამენტში ბევრი ოპოზიციური პარტია გვაქვს, 9 პარტიაა პარლამენტში. გვაქვს ბევრი ოპოზიციური ტელეარხი. მედიაგარემო, ასე ვთქვათ, ძალიან დივერსიფიცირებულია”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.


