"როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა იმას ჩამოვართმევ ხელს"
03/06/2022 18:44:22 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ამბობს, რომ ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც ჩამოართმევს ხელს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში იქნება.
„მზად ვარ, კომპრომისზე წავიდე ყველასთან, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები დგას პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა. მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა, იმას ჩამოვართმევ ხელს - ეს არის მიდგომა. მაგრამ როდესაც ეს ხალხი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, მაშინ უბრალოდ ვეუბნები - გაჩუმდით! 3 კვირა რა გახდა, ვერ ვხვდები, არ შეუძლიათ სხვა რამეზე ილაპარაკონ?! რა უკეთესია, რომ გამოვიდნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს ღალატი ან ახალი ფრონტის გახსნა დააბრალონ? ეს კარები დაიკეტება! ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივის აჩქარება შესაძლებელია, ამ ომის გარდა? ახლა ეს შესაძლებლობა არსებობს. 2024 წელს რომ შეიტანდნენ განაცხადს, იქ ხომ საერთოდ "ვარსკვლავებს მოწყვეტდნენ" - ვერაფერსაც ვერ იზამდნენ! ამიტომ სჯობს, გავჩუმდეთ! ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, "ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე თქვენო" და იქვე "აშშ მეორე ფრონტით გვაშანტაჟებსო", - ეს რა სისულელეა?! წარუმატებლობის შემთხვევაში ეს მარცხი ყველა ჩვენგანის იქნება, პასუხისმგებლობა კი - პოლიტიკოსების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას.


