Accentnews.ge
პუტინის “3-დღიანი ომის” 100 დღე: “ყველას ესმის, რომ ეს კოშმარი სწორ ფინალიზაციას მოითხოვს”

პუტინის “3-დღიანი ომის” 100 დღე: “ყველას ესმის, რომ ეს კოშმარი სწორ ფინალიზაციას მოითხოვს”

03/06/2022 23:19:55 ინტერვიუ

კრემლის მიერ თებერვლის ბოლოს დაანონსებული “სამდღიანი ომის” დაწყებიდან მეასე დღე ამოიწურა. რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც ამ წამოწყების დანაშაულებრივ მცდარობასა და ქვეყნისათვის სავალალო შედეგებს სულ უფრო მეტად აცნობიერებს, მედიას მოსთხოვა, 100-დღიან თარიღზე არ გაემახვილებინა ყურადღება. მიზეზი გასაგებია: არცთუ მარტივია, მოიფიქრო დამაჯერებელი ტყუილი თუნდაც სისტემური სადეზინფორმაციო პროპაგანდის პირობებში მცხოვრები მოსახლეობისთვის იმის ასახსნელად, რატომ გრძელდება “სამდღიანი ომი” სამ თვეზე მეტხანს და რატომ არ უჩანს კოლოსალური მსხვერპლისა და ზიანის ფონზე არც ხელშესახები მიღწევები, არც დასასრული. რუსეთმა ხომ უკრაინაში ამ დრომდე ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია და იმისათვის, რომ რაიმე ფორმით მაინც გაასაღოს “გამარჯვებად” თუნდაც მინიმალური შედეგი, კრემლს უკვე დახარჯულს დამატებული უზარმაზარი ინვესტიციები, ადამიანური რესურსი და დიდი დრო დასჭირდება.

ომის პირველი ეტაპის ჩავარდნის შემდეგ რუსეთმა ძალთა დონბასზე კონცენტრირება მოახდინა და გასულ კვირას იქ თითქოს გარკვეულ წარმატებასაც აღწევდა, თუმცა იმასაც - მხოლოდ მთელი ძალის ერთ წერტილში თავმოყრის მიზეზით. ამასთან, უკრაინულმა ქვედანაყოფებმა მტრის წინსვლის შეჩერება ამ პირობებშიც კი შეძლეს, სხვა ფრონტებზე მანევრირებისთვის კი რუსეთს სადღეისოდ სივრცე არ გააჩნია, - დარწმუნებულია ბრიტანული დაზვერვა. თავის მხრივ, “ომის კვლევის ინსტიტუტის” ანალიტიკოსები თვლიან, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლების შემდეგ რუსულ ჯარს დონეცკის ოლქში შეტევების განსახორციელებლად ძალა აღარ შერჩება. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ “The Conflict Intelligence Team”-ის (CIT) შეფასებით კი, თვალსაწიერ მომავალში პუტინის არმიის არათუ კიევზე, ხარკოვზე შეტევაც კი უბრალოდ შეუძლებელია. “ამჟამად გრძელდება ომი რესურსების ამოწურვაზე. არადა, ჯერ კიდევ თებერვალ-აპრილის პერიოდში რუსეთმა უდიდესი დანაკარგები განიცადა როგორც ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფების, ისე ჯავშანტექნიკის კუთხით. ყველა ამ დანაკარგის შევსება ძალზე რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, განსაკუთრებით – იმ პირობებში, როცა ქვეყანა ფაქტობრივ საერთაშორისო იზოლაციასა და სანქციების ქვეშ იმყოფება” – განმარტავენ ანალიტიკოსები. ამდენად, რომც დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპისთვის რუსეთი მთელს დონბასს ჩაიგდებს ხელში და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გავა, მოსკოვს უბრალოდ აღარ ექნება არავითარი რესურსი ხარკოვის, კიევისა და სხვა მიმართულებებზე ახალი შეტევების განსახორციელებლად” – განმარტავენ CIT-ში.

ბრიტანული დაზვერვის ანალიზის თანახმად, რუსულ ძალებს თეორიულად, ჯერ კიდევ რჩებათ შესაძლებლობა, ლუჰანსკის ოლქი სრულად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაიკავონ. პარალელურად გრძელდება გააფთრებული ბრძოლები დონბასში, სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინული ქვედანაყოფების ეფექტური და თავდადებული წინააღმდეგობის პირობებში ამ ტერიტორიებზე კიევის მარცხზე საუბარი ჯერ აშკარად ნაადრევია. სპეციალისტების აზრით, დონბასში ბრძოლების კულმინაცია შესაძლოა, აგვისტოს ბოლოსთვის-სექტემბრის დასაწყისისთვის ვიხილოთ, როცა დაპირებული დასავლური შეიარაღების საკმარისი რაოდენობის მიღების შემდეგ უკრაინული ჯარი სრულ კონტრშეტევაზე გადასვლას შეძლებს.

იმედიანადაა განწყობილი უკრაინის ხელისუფლებაც, რომელიც, ბოლო კვირებში დასავლური დახმარების გარკვეულწილად შენელების მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ამ რწმენის მიზეზები და რიგი სხვა საკითხები ომის 100 დღის შემაჯამებელ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განმარტა.

- 100 დღის თავზე მაინც თუ გაერკვა ვინმე მსოფლიოში, რა რაციონალური მიზეზები ჰქონდა პუტინის მიერ ამ ომის წამოწყებას?

- ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პუტინი გარკვეული დროის განმავლობაში მარტოობაში იყო, მეტისმეტად ბევრ დროს უთმობდა ნაცისტური გერმანიის ქმედებების შესახებ ფილმების ყურებას და იმ ომის ქრონიკები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის, რომ შინაგანად რაღაც დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა, დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ იგივეს გამეორება შეეძლო. ანუ, ვფიქრობ, აქ ქვეცნობიერ მიზეზებთან უფრო გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში, რაციონალური და თუნდაც გააზრებული ამაში არაფერია. ეს არაა, მაგალითად, ომი ტერიტორიებისთვის: როცა ტერიტორიას იპყრობ, იმთავითვე ფიქრობ მის განვითარებაზე, ხომ ასეა? მაგრამ შეხედეთ 2014-ში აღებულ დონეცკსა და ლუჰანსკს – ისინი არათუ არ განვითარდა, ფაქტობრივად, განადგურდა რუსების ხელში. იგივე ითქმის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, დნესტრისპირეთზეც – ეს სრულიად უსარგებლო, არავისთვის საჭირო, მიტოვებული, უპერსპექტივო ანკლავებია. ომის მეორე შესაძლო მიზეზი – ბაზრის გადანაწილება, კერძოდ, ბაზრიდან უკრაინის განდევნა რომ განვიხილოთ, რაციონალურ მარცვალს ვერც აქ ვიპოვით: ეს მიზანი ნამდვილად არ ღირს იმად, რომ ესოდენ უმოწყალოდ ანადგურო საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია და მომავალი. ავიღოთ მესამე შესაძლო მიზეზი – მსოფლმხედველობითი, კერძოდ, პუტინის შთაგონება, რომ “უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლება არ აქვს”: აქაც ირაციონალური მარცვალია, რადგან ირაციონალურია, გადაწყვიტო რომელიმე ქვეყნის განადგურება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გაგაჩნია რაღაც მახინჯი, სრულიად მცდარ საფუძვლებზე დამყარებული პირადი ხედვა, რომ “მსგავსი ქვეყანა ისტორიაში არ არსებობდა და მაშასადამე, არც უნდა იარსებოს”. თუ დავუშვებთ მეოთხე შესაძლო მიზეზს – პუტინის სურვილს, რუსეთის არმიისა და იარაღის “უნიკალურობა” დაემტკიცებინა და ამ ომით მათი, ასე ვთქვათ, პრომოუთინგი მოეხდინა, მაშინ სულ მცირე, თავად მაინც უნდა დარწმუნებულიყო ამ თეზისის მართლზომიერებაში, სანამ ომს დაიწყებდა, მაგრამ რუსული ჯარისა და იარაღის რა “ეფექტურობას” ვადევნებთ თვალს, უკვე 100 დღეა? ამგვარად, ამ ოთხი შესაძლო მიზეზიდან ცალკე აღებულად არც ერთი არ გამოდგება. ვვარაუდობ, რომ საქმე გვაქვს მიზეზთა მთელს კომპლექსთან, რომელშიც ერთ-ერთი უმთავრესი ბ-ნი პუტინის შინაგანი სამყარო, მისი მცდარი ისტორიული და კულტუროლოგიური აღქმებია. აი, ამ ირაციონალურ საფუძველზე მან ახლა საკვანძო შეცდომა დაუშვა რუსეთის ისტორიაში: შეიძლება, წამოიწყო ომი, თუკი 50%-ით მაინც ხარ რამეში მართალი, მაგრამ ომის დაწყება თავიდან ბოლომდე დამნაშავეს პოზიციით კრახისთვისაა განწირული. ასეც ხდება: ომის დაწყებიდან მე-100 დღის მიწურულს შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ პუტინმა რუსეთის მდიდარი ისტორია 0-ზე გადაამრავლა. ეს იმდენად ირაციონალური ნაბიჯი იყო ყველა გაგებით, რომ წამით ვინმეს შესაძლოა, ის აზრიც კი გაუჩნდეს, ხომ არ მონაწილეობდა პუტინი ვინმეს მიერ დაგეგმილ რაღაც ანტირუსულ შეთქმულებაში? ეს – ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ ოდესმე შესაძლოა, ეს ვერსიაც განხილვის თემად იქცეს.

- მართლაც, დღეს ამაზე შესაძლოა, გვეღიმებოდეს, მაგრამ შედეგობრივად თუ ვიმსჯელებთ, მართლაც ჩნდება აზრი, რომ პუტინის მიზანი იყო, დასავლეთი გაეერთიანებინა, ნატო-სთან რუსეთის საზღვარი 1200 კმ-ით გაეზარდა, უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სახელწიფოდ ექცია, თურქული “ბაირაქტარები” დაერეკლამებინა, რუსული არმიის, იარაღისა და მთლიანობაში რუსეთის ავტორიტეტი კი საბოლოოდ ჩაეძირა…

- დავამატებდი ასევე კრემლის მკვებავი ოლიგარქების დამცირება-გაკოტრებას, რომელიმე რუსული ტერიტორიის აუცილებელ დაბომბვას ცნობილი პრინციპით “ჩვენ დავბომბავთ ვორონეჟს, რადგან ლონდონში ჩვენი შვილები ცხოვრობენ”, ასევე ბელარუსის ლიდერის ავტორიტეტის საბოლოო დასამარებას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განადგურებას, იმის წარმოჩენას, რომ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი უნდა ჰქონდეს და ა.შ. ეს ვერსია მართლაც საინტერესოა, რადგან თუ ეს ყველაფერი იყო პუტინის რეალური მიზანი, ამ მიზანს ის მართლაც შესაშური წარმატებით აღწევს. და ეს მშვენიერია. ტრაგიკულია ოღონდ, რომ უკრაინას ამაში ესოდენ მძიმე ფასის გადახდა უწევს.

- დიახ, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც პუტინის ამ თამაშს ეწირება, ვეღარაფერი დააბრუნებს… და ისმის კითხვა, როგორ შეიძლება იმ პირობებში, როცა გაურკვეველია პუტინის მიზნები, მისი თამაშის ჩარჩოები და ყველაფერი დანარჩენი, მის რეჟიმთან მოლაპარაკებებზე ვისაუბროთ?

- მოლაპარაკებათა პროცესი ნებისმიერი ომის თანმდევი უნდა იყოს – ეს აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ომის მსვლელობისას საჭიროა უამრავი საკითხის (ტყვეთა გაცვლის, ევაკუაციის, ჰუმანიტარული დახმარების და სხვა) ონლაინ-რეჟიმში გადაწყვეტა. გარდა ამისა, ნებისმიერი ომი გარკვეული იურიდიული დოკუმენტების გაფორმებით უნდა მთავრდებოდეს, ამ დოკუმენტებს კი მომზადება სჭირდება ხელმოსაწერად და მაშასადამე, მხარეებს შორის შეთანხმებაც. ანუ, აუცილებელია იმის ობიექტივიზაცია, რაც ომის ფინალად იქცევა.

ამასთან, ყოველთვის საჭიროა საკუთარი პოზიციის არგუმენტირება, მათ შორის – დანარჩენი მსოფლიოსთვის, რათა ცალსახად განემარტოს ყველას, რომ უკრაინას ომი არც დაუწყია, არც ახლა სურს, ადამიანები იღუპებოდნენ, უმოწყალოდ ნადგურდებოდეს ქალაქები, ინფრასტრუქტურა, რომ მზად ვართ სამშვიდობო პროცესისთვის, მაგრამ ობიექტურობის საფუძველზე და უკრაინისთვის მისაღები პირობებით, რადგან პუტინის ამ საზარელი თამაშების ფასს დღეს უპირველესად, სწორედ უკრაინა იხდის. მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინა იყო და დღესაც არის მშვიდობიანი სახელმწიფო, რომელიც თავს არავის დასხმია, არც სამომავლოდ გეგმავდა ამას, არასოდეს ყოფილა ომის ინიციატორი და დღესაც ცალსახად მშვიდობის მომხრეა, მაგრამ ეს ვერ იქნება მშვიდობა ნებისმიერ ფასად, აგრესორის მიერ საწადელის მიღწევის ფასად, მისთვის ტერიტორიების დათმობის ფასად…

და კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მოლაპარაკებების საჭიროებას განაპირობებს – ეს მოწინააღმდეგე მხარისთვის ჩვენი პოზიციის განმარტებაა. ჩვენ ადრეც – მოლაპარაკებების შეწყვეტამდეც მუდმივად ვცდილობდით, დაგვენახებინა რუსული მხარისთვის რეალობა, ვეუბნებოდით მათ, “ბიჭებო, დაბრუნდით რეალობაში, გააცნობიერეთ, რომ თქვენ თავს დაესხით სუვერენულ სახელმწიფოს, ჩვენს მიწაზე სჩადიხართ ჩვენი მოქალაქეების შემაძრწუნებელი რაოდენობისა და ამაზრზენი ფორმის მკვლელობებს, თქვენ ხართ რეალური აგრესორი და არა ჩვენ, რადგან ჩვენ თავს არავის დავსხმივართ… თქვენ ხართ ერთადერთი ინიციატორი, ესაა ერთადერთი რეალობა, ხოლო ყველა ეს ზღაპარი იმის შესახებ, თითქოს თქვენ რომ არ დაგვსხმოდით, მეორე დღეს ჩვენ დაგესხმებოდით თავს, ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გაცდენილი ბოდვაა და მეტი არაფერი… ასე, რომ დაუბრუნდით საწყისს: თქვენ თქვენი ქვეყანა გაქვთ, ჩვენ – ჩვენი; დაუბრუნდით რეალობას და გააცნობიერეთ, რომ უბრალოდ არ არსებობს არანაირი “პრევენტიული დარტყმა” არარსებული აგრესიისგან დასაცავად”…

გარკვეულ მომენტში მოგვეჩვენა, თითქოს რუსული დელეგაციის წევრებმა რაღაცის აღქმა დაიწყეს, რაღაც გაგება დავინახეთ მათ თვალებში, თუმცა სამწუხაროდ, ეს ოლუზია აღმოჩნდა: მათ განაგრძეს არჩეული გზით სვლა, თავზეხელაღებული პროპაგანდისტული კლიშირება - და მოვიდნენ კიდეც დღევანდელ მდგომარეობამდე… საერთოდაც, ჩემი აზრით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ბუნება, მისი კოლექტიური ფსიქიკური მდგომარეობა უნიკალურია და ცალკე შესწავლის საგნად უნდა იქცეს. მაგალითად, ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი მათ ამაზრზენ დაუსრულებელ საჯარო განცხადებებს, რომელიც ფაქტობრივად, რუსული მხარის ბრალეულობის საჯარო აღიარებას წარმოადგენს და საფუძველს შემდგომი იურიდიული პროცესებისთვის. ეს ეხება, მაგალითად, “აზოვსტალელთა” დასჯისათვის რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საჯარო ინიციატივას და უამრავ სხვა განცხადებას.

- ომის დაწყებიდან უკვე სამ თვეზე მეტი გავიდა და ვხედავთ, რომ მხარეებში გადაღლა იმატებს. რამდენად დიდია ეს გადაღლა უკრაინულ მხარეს და რა გშველით, გაუმკლავდეთ მას, რათა გაარძელოთ ეფექტური წინააღმდეგობა?

- ნებისმიერ ომს აქვს პერიოდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება. არსებობს, მათ შორის, საკმაოდ დეპრესიული პერიოდებიც, გამოწვეული იმით, რომ რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შეჩვეულები იყვნენ მშვიდობიან ცხოვრებას (ზრდიდნენ შვილებს, ჰქონდათ კარიერა, რაღაც ცხოვრებისეული მიზნები, მიღწევები), მყისიერად მოუწიათ სულ სხვა – ომის რეჟიმში გადასვლა. ვიღაც ამას შედარებით ადვილად იტანს, სხვა – ბევრად მძიმედ, თუმცა გარკვეული ეტაპისთვის ბუნებრივია, ყველაში იწყება გადაღლა.

რა გვშველის? - ის, რომ არავითარი სხვა ვარიანტი არ გაგვაჩნია, თუ არა გავუძლოთ და ვიომოთ, რადგან თუ თავს უფლებას მივცემთ, ხელი დავუშვათ და დავეცეთ, დავრჩებით ქვეყნის გარეშე. ამიტომაც თითოეული ჩვენგანი ყოველ ჯერზე იღვიძებს და აგრძელებს ჩვენი წილი რუტინული საქმის კეთებას.

არდაცემაში გვეხმარება კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორი – ის უდიდესი ფასი, რომელიც უკრაინამ უკვე გადაიხადა ამ 100 დღის განმავლობაში, ის უდიდესი მსხვერპლი, რომელიც უკრაინელებმა უკვე გაიღეს და ვალდებულება, თითოეულმა შესაძლებლობათა მაქსიმუმი გავაკეთოთ, თითოეულმა ჩვენი წილი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რათა ამ ადამიანების, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე ფუჭად არ აღმოჩნდეს შეწირული.

ვამხნევებთ საკუთარ თავს და გვერდში მდგომებს, ვამბობთ, რომ მოვა ამოსუნთქვის დროც, ოღონდ არა დღეს, არა ხვალ, რომ ომი გარკვეული დრო კიდევ გასტანს, ხანმოკლე არ იქნება და უნდა გავუძლოთ. ამ 100-მა დღემ, ვფიქრობ, აჩვენა, რომ უკრაინაში, უკრაინულ საზოგადოებაში ძლიერი “ჩონჩხი” არსებობს, რომელიც ქვეყანას ამ გასაჭირს საკუთარი მხრებით გამოატარებს და რაოდენ გადაღლილიც არ უნდა იყოს, საქმეს ბოლომდე მიიყვანს. სანამ ეს კოშმარი ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდება, ისევ და ისევ, ყოველ ჯერზე გავაგრძელებთ გაღვიძებას და ჩვენი საქმის კეთებას – ჩვენთვისაც, დაღუპულთა სულებისთვისაც, ქვეყნისა და მისი მომავლისთვისაც. სულ ესაა, რეცეპტი მარტივია. და ასე რომ იქნება, ეჭვი არავის შეეპაროს. რამდენი ხანიც დასჭირდება, იმდენ ხანს გავუძლებთ – სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს.

- და როგორი უნდა იყოს ფინალი?

- ფინალი ერთია: რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. კიდევ უკეთესი იქნება, თუ თავად რუსეთი დაიწყებს შიგნით შეცვლას. სიამოვნებით ვიურთიერთებდი რუსეთის ახალ – სხვაგვარ, ინტელექტუალურ ელიტასთან, რომელიც ადამიანური იქნება თავისი არსით და არა დღევანდელის მსგავსი - ისეთი, რომელსაც ცნობილ პერსონაჟ ელაჩკა ლუდოედოჩკას მსგავსად, სიტყვათა მარაგში სულ 33 სიტყვა აქვს.

- და ბოლოს - დასავლეთის შესახებ: როგორ ატყობთ, გადაიღალა თუ არა დასავლეთი?

- რა თქმა უნდა, იღლება დასავლეთიც: ისიც მიჩვეული იყო ცხოვრების გარკვეულ წესს, რომელიც ახლა იძულებით ეცვლება.

ამავდროულად, აქტიურდება რუსული ლობი, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ მოცულობითი იყო დასავლეთში. ამ გადაღლის შემოტანას ეს ლობი გარკვეული მედიური და საზოგადოებრივი პროექტების რეალიზებითაც ეცდება. მაგრამ ფაქტია, რომ სამი თვეა, ომი ამერიკული და ევროპული მედიის პირველ გვერდებზე რჩება, დასავლური საზოგადოების მხარდაჭერა კვლავინდებურად მტკიცეა და ევროპულმა პოლიტიკურმა თანამეგობრობამაც უკვე იმდენად მკაფიოდ პროუკრაინული პოზიცია დაიკავა, რომ ცალკეული გამოვლინებები მას მთლიანობაში ვეღარ შეცვლის.

დასავლური თანამეგობრობა აცნობიერებს, რომ ეს ომი ვეღარ დასრულდება რაღაც ამჟამინდელი სტატუს-ქვოთი, რადგან მთელი ის ემოციური კოშმარი, რომელიც უკრაინამაც და მასთან ერთად მთელმა მსოფლიომაც გადაიტანეს რუსეთის ქმედებების არაადამიანური ფორმების გამო, მოითხოვს ომის აუცილებლად სწორ ფინალიზაციას: სხვა შემთხვევაში მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც გაცილებით ჰუმანურია რუსეთთან შედარებით, დარჩება ერთის მხრივ, ერთგვარ ემოციურ ფრუსტრაციაში, უკრაინის მიმართ უზარმაზარი უსამართლობისა და ბრალეულობის განცდით, ხოლო მეორეს მხრივ, მას შერჩება დაუსრულებელი საქმე შესაბამისი სამომავლო რისკებით.

ამდენად, ვფიქრობ, დასავლური თანამეგობრობა გააგრძელებს სისტემურ, თანმიმდევრულ, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას უკრაინის მხარდაჭერის გზაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S