ALDE საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს
05/06/2022 05:40:53 პოლიტიკა
პარტია "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის" (ALDE), რომელიც ევროპაში ლიბერალ პარტიებს აერთიანებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო"ავრცელებს.
"დუბლინში, სადაც ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს, "სტრატეგია აღმაშენებლის", "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩი-მეტი თავისუფლების" და" ლელოს" ინიციატივით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს,რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება. ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ალიანსის მხრიდან. რეზოლუცია, რომელიც „ალდეს“ წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების ძალისხმევით მიიღეს, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ევროსაბჭოსთვის, საქართველოს საკითხის განხილვის პროცესში“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დუბლინში ორი დღეა, ALDE –ს ყრილობა მიმდინარეობს. ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.


