"ბორჯომის" აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება
06/06/2022 10:15:59 პოლიტიკა
"ბორჯომის" აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოსთვის "ბორჯომის" აქციების გადაცემის საკითხი მთავრობის მომდევნო სხდომაზე განიხილება.
„ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და ჩვენ - მთავრობა, სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი და ამით ეს პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მან „ბორჯომის“ დასაქმებულთა გაფიცვაზეც ისაუბრა:
"მინდა, ვუთხრა ყველას, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“.
დღეს „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.
„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:
- 49 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
- ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
- 3-6-თვიანი და ერთწლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
- იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.
ომისა და სანქციების გამო "ბორჯომმა" მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. "IDS ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი "Alfa Group"-მა 2013 წელს იყიდა. "Alfa Group"-ს დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. "ბორჯომმა" 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.


