"ველოდებით ევროპელების სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს"
06/06/2022 11:05:07 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მშვიდად, მტკიცედ და წყნარად დაელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველომ ყველა საკითხი შეასრულა პირნათლად და ახლა ჯერი არის ევროკავშირზე.
"კიდევ ერთხელ, ველოდებით ჩვენი ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


