ლიეტუვის ელჩი: "ვგმობ შეურაცხყოფას საქართველოში ჩემი კოლეგების, დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ"
06/06/2022 13:27:59 პოლიტიკა
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გამართულ აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "გმობს შეურაცხყოფას დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ".
"იმედგაცრუებული ვარ და ვგმობ შეურაცხყოფას საქართველოში ჩემი კოლეგების, დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს საქართველოში და არ იშურებენ ძალისხმევას, დაეხმარონ თბილისს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე", – წერს ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელში.
"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის „ზნეობა“ წარმომადგენლებმა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს. მათ ადგილზე ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები მიიტანეს. პროტესტი დაკავებებით დასრულდა, რომელიც მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ.
პოლიციამ ადგილზე 7 პირი, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გულისხმობს.


