მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯნვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
06/06/2022 16:56:45 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა დანიშნვასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯნვის თაობაზე. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას".
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ "საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით - ეს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა".
“დღეს საქართველოს მთავრობამ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს - კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციური უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე”,-აღნიშნავს რევაზ ჯაველიძე.


