გაიდაი: "რუსეთი სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს"
07/06/2022 07:11:13 პოლიტიკა
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსეთი ქალაქ სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს.
"ბრძოლები გრძელდება. ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს. განადგურებული მტრის ერთი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა, ერთი მანქანა, საბრძოლო მასალის ორი საცავი და "Orlan-10" ის ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი", – აცახდებს გაიდაი.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ძალები სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ამ დროისთვის ქალაქის ნახევარს უკრაინა აკონტროლებს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


