"ძმებ ბერძენიშვილებს გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ"
07/06/2022 08:51:07 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს" და ამ კამპანიის ნაწილი, კობახიძის თქმით, "არის ძმები ბერძენიშვილების განცხადებები".
"მე მინდა, ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ, თქვენ ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე, ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველი რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით. ნუ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანეთო, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ეს ვიტყვი, რომ არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ენმ–მ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, "იმისთვის რომ იდენტობა შეარყიო უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას, ეს კი არიან დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია".
"ენმ ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის: ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის გამოც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერები ითხოვენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში კი 28 მაისს საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
6 ივნისს პოლიტიკოსებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილი ჰყვება, თავდამსხმელები არ მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით:
"მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ, თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით. [...] მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევითო. მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე. [...] გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრიდანაა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. [...] მე არავის საციხოდ გამმეტებელი არ ვარ, მაგრამ ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით, ამაში მე დარწმუნებული ვარ“.
„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.


