"ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელებს ჰქვიათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე "
07/06/2022 09:03:51 პოლიტიკა
"გუშინ ვინც დაესხა თავს პოლიტიკოსებს დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს, მათ კოლექტიური ირაკლი კობახიძე ჰქვია", – ასე მიმართა პარტია „ლელოს“ წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
სამადაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ძალადობის კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო.
"მე არ ვიცი, გუშინ ევროკავშირის დროშის დაწვის მცდელობა ვის ჰქონდა და ვინ დაესხა ევროკავშირის მისიას თავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მათ ჰქვია კოლექტიური ივანიშვილი, კობახიძე, ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“. თქვენ ხართ მოძალადე, მატყუარა პოლიტიკური ძალა. თქვენ წამოიწყეთ ეს ძალიან ბინძური, ძალადობის კამპანიაც. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქართველ ხალხს, რომელსაც უსინდისოდ ატყუებთ, ეტყვის, რომ ხალხი, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს და თქვენს ხელისუფლებას, რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ეტყვის, რომ ევროკავშირი გადადის იმ რეჟიმზე, თქვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის და ივანიშვილზე ზეწოლის, რომელიც ევროკავშირს აქვს შერჩეული რუსი ოლიგარქებისთვის. ამ რეჟიმს ჰქვია სანქციების რეჟიმი და დღეს, როცა ყველა რუსი ოლიგარქი დაექვემდებარა სანქციების რეჟიმს, გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილისთვის ცხადია, არ უნდა არსებობდეს. და ბოლოს, რადგანაც ტრადიციებზეა საუბარი, ბატონ კობახიძეს რუსთაველის სიტყვებს შევახსენებ - „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“, გეყოფათ ტყუილების საუბარი, გეყოფათ სიცრუე - ყველა თქვენი ტყუილი, ყველა თქვენი სიცრუე გამომჟღავნდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილი", კობახიძის თქმით, "არის ძმები ბერძენიშვილების განცხადებები".
ცნობისთვის: ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის გამოც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერები ითხოვენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში კი 28 მაისს საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
6 ივნისს პოლიტიკოსებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილი ჰყვება, თავდამსხმელები არ მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით:
"მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ, თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით. [...] მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევითო. მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე. [...] გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრიდანაა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. [...] მე არავის საციხოდ გამმეტებელი არ ვარ, მაგრამ ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით, ამაში მე დარწმუნებული ვარ“.
„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.


