"თურმე მას, ვინც სამების აშენებაში მონაწილეობდა, როგორც რუს ოლიგარქს, სანქციები უნდა დავუწესოთ"
07/06/2022 09:13:22 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აკრიტიკებს მათ, ვინც ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
მან ოპოზიციის წევრ დეპუტატებს მოუწოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დღევანდელ ვითარებას შეადარონ.
„როგორც ახლა გვეუბნებიან, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ სამების აშენებაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს, უნდა დავუწესოთ სანქციები, თურმე ის ადამიანები, ვინც საქართველოში პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა, ვინც რუსულ აგრესიას პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა, ამ ქვეყანას ათასი უბედურება გამოატარა, იმიტომ რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველი გამოეყვანათ, თურმე დღეს ესენი არიან ევროპელები. შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციონალური მოწყობა და დღევანდელი, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი როგორია, შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი და დღევანდელი, შეადარეთ მაშინდელი მედიამდგომარეობა, ჭურში ჩაშვებული მედია და დღეს 5 წუთში რომ შეგიძლია მედია გახსნა და მედია აქტიურობა აწარმოო. შეადარეთ დღევანდელი საარჩევნო სისტემის შედეგად მიღებული პარლამენტის მრავალფეროვნება და ის პოლიტიკა, რაც თქვენ მთელი ამ წლების განმავლობაში აწარმოეთ, პარლამენტის ბოიკოტის და ქვეყნის საბოტაჟისა. ის, რომ თურმე, დღეს აქ „ალდეს“ რეზოლუცია წყვეტს საქართველოს ბედს, გახდება თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არა ბატონებო! და ყველა ესეთ გამოხტომას და მათ შორის ომი გვინდა არ გვინდა, თქვენ რომ რამე გდომებოდათ ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო იომებდით. ვერც ერთი ქენით ვერც მეორე და აცადეთ იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ხალხმა მხარი დაუჭირა და ვინც დღეს ამ ვითარებაში ცდილობს, რომ ქვეყანას ომი ააცილოს და იმ გზაზე გაიყვანოს, სადაც პირველი ის ქართველი დადიოდა, ვინც ფიზიკურად ვერ ეხებოდა იმ ცივილიზაციას, მაგრამ სულიერად, აზრობრივად ამ ცივილიზაციის მომხრე და მშენებელი იყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მანამდე, "ლელოს" წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმ აღნიშნა, რომ "დღეს, როცა ყველა რუსი ოლიგარქი დაექვემდებარა სანქციების რეჟიმს, გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილისთვის ცხადია, არ უნდა არსებობდეს".


