Accentnews.ge
"ძმები ბერძენიშვილები ლაპარაკობენ იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ამბობს"

"ძმები ბერძენიშვილები ლაპარაკობენ იმას, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ამბობს"

07/06/2022 10:03:34 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პოლიტიკოსებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

“ქალბატონ ხათუნა სამნიძეს მინდა, ვუთხრა, ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობა და ძალადობის წახალისება არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად. როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევებში უმძიმეს ბრალდებებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოების და ევროპის წინაშე. როდესაც პოლიტიკურ გუნდში ის ხალხი დაპატიჟეთ, რომელთაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აი, ეს არის ძალადობის წახალისება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ, თორემ ბერძენიშვილები რომ “ნაციონალური მოძრაობის” მეორე სიხშირე არიან ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. რასაც ვერ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა” ამ შემთხვევაში ძმები ბერძენიშვილები ამბობენ და უტიფრად, კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, რომ ძალადობას ახალისებთო”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მანამდე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის: ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის გამოც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერები ითხოვენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში კი 28 მაისს საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

6 ივნისს პოლიტიკოსებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც დავით ბერძენიშვილი ჰყვება, თავდამსხმელები არ მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით:

"მე არ ვიცი, შემთხვევით გადაგვაწყდნენ, თუ აქ დაგვხვდნენ, ყოველ შემთხვევაში, აშკარად მიზანმიმართულად წამოიწყეს ლაპარაკი ჯერ სხვა თემებით. [...] მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მაგრამ მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენს წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აყევითო. მე ვუთხარი, რომ ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე. [...] გავარკვიე, ეს ბატონი ხომასურიძე იმ წრიდანაა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რომ გადიოდა, რომ მივედი და დამხვდნენ, ეს იმათში იყო. ეს არის ორკების წარმომადგენელი და ვნახავთ, როგორ მოიქცევა ხელისუფლება. [...] მე არავის საციხოდ გამმეტებელი არ ვარ, მაგრამ ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ეს ხალხი არ მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი აღშფოთების მიხედვით, ამაში მე დარწმუნებული ვარ“.

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S